იან ძერჟონი

04/02/2022

მეფუტკრეობა უძველესი პროფესიაა. დანამდვილებით არავინ უწყის როდის დაინტერესდა ადამიანი ამ საოცარი მწერით, თუმცა ერთი რამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ინტერესიდან იწყება მეფუტკრეობის ისტორია.

მეფუტკრეობამ თავისი განვითარების გრძელი და საინტერესო გზა განვლო, „ველური მეფუტკრეობა“, როცა ადამიანი მხოლოდ ნადირობდა თაფლზე და ცვილზე, თანდათან დადგა განვითარების გზაზე და დღემდე მოაღწია, როგორც თანამედროვე „საწარმოო ბიზნეს საქმიანობამ“.

საუკუნეების მანძილზე, დარგის განვითარების მდორე, დროში გაწელილ ევოლუციურ გზაზე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მომავლის მანათობლად გვევლინებიან და „რევოლუციურად“ აჩქარებენ წინსვლის პროცესს. მეფუტკრეობაში ასეთი ადამიანების ეპოქად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ მე-19 საუკუნე. ამ ისტორიულმა ხანამ შვა დარგის ის უდიდესი ნოვატორები, მკვლევარები თუ ფუძემდებლები, რომელთა ღვაწლიც ფასდაუდებელია ჩვენს თანამედროვეობაშიც კი!

„რომლით დავიწყო?“.... ამ კითხვაზე ბევრი ვიფიქრე ჩემო მკითხველო, მინდოდა შემერჩია  დარგის ღირსეული წარმომადგენელი,რომლის ბიოგრაფიისა და ღვაწლის განხილვა იქნებოდა საზოგადოდ საინტერესო და დაამშვენებდა ჩვენი ჟურნალის სასტარტო ნომერს! ძნელია არჩევანის გაკეთება, მაგრამ მაინც მივიღე გადაწყვეტილება ჩემი წერილი მივუძღვნა ამ დარგის უდიდეს პერსონას ­- იან ძერჟონს, რომლის ბრწყინვალე აღმოჩენებმა კარი გაუღო განვითარების ახალ ეტაპს. მან დასვა ფუტკრის ბიოლოგიის შესწავლის მართებული ვექტორი, მისი თეორია კი იქცა მეფუტკრეობის მცნებად და საფუძველთა საფუძვლად. 

იან ძერჟონი

იან(იოჰან) ძერჟონი (პოლ. - Jan Dzierżon) - დაიბადა 1811 წელს პოლონეთში, დაბა ლოვკოვიცეში,  დაწყებითი განათლება მიიღო ქალაქის სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო და დაამთავრა ქ. ბრესლავლის გიმნაზია და უნივერსიტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ,მშობლების დაჟინებული მოთხოვნით იგი იწყებს სასულიერო მოღვაწეობას და ენიჭება მღვდელმსახურის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ მთელ თავისუფალ დროს ძერჟონი ფუტკრის ცხოვრების შესწავლას უთმობს, მან მოაწყო საკმაოდ დიდი მეურნეობა, სადაც გეგმავდა და ახორციელებდა   უმნიშვნელოვანეს კვლევებს. მის სახელს უკავშირდება  იტალიური ფუტკრის შეყვანა გერმანიასა და პოლონეთში, ასევე „დასაშლელი სკის“ შექმნის პირველი მცდელობა, მასვე ეკუთვნის მოძრავი ჩარჩოს შექმნის იდეა, მისი რედაქტორობით დაარსდა ჟურნალი „სილეზიელი მეფუტკრე“.

1845 წელს ძერჟონმა გამოთქვა თავისი ცნობილი თეორია ფუტკრის ბიოლოგიასა და გამრავლების თავისებურებების შესახებ. გთავაზობთ ამ თეორიის ძირითად დებულებებს:

1. ნორმალურ პირობებში ფუტკრის ოჯახი შედგება სამი ურთიერთგანსხვავებული ინდივიდებისგან ან ინდივიდთა ჯგუფისგან:დედა, მუშა ფუტკრები და მამლები(განსაზღვრულ პერიოდში).

2. ჩვეულებრივ ფუტკრის ოჯახში დედა წარმოადგენს ერთადერთ სრულყოფილ მდედრს. ის დებს მამრობითი და მდედრობითი სქესის კვერცხს. პირველიდან გამოდიან მამლები, ხოლო მეორედან, თუ ისინი დადებულია ვიწრო უჯრედებში, გამოდიან მუშა ფუტკრები ანუ განუვითარებელი მდედრები. თუკი მდედრობითი კვერცხი იდება ფართო, რკოსებრ ვერტიკალურ უჯრედებში, სადედეებში, და უხვად მარაგდება საკვებით, მათგან ვითარდებიან დედები.

3. დედას გააჩნია უნარი, საკუთარი სურვილით დადოს მამრობითი და მდედრობითი სქესის კვერცხი. გადამწყვეტ როლს ამაში უჯრედის ხასიათი თამაშობს.

4. იმისათვის, რომ დედამ შეიძინოს უნარი, დადოს კვერცხი, როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის, იგი უნდა განაყოფიერდეს მამლებით.

5. დედის განაყოფიერება ყოველთვის ხდება სკის გარეთ, ფრენის დროს. მაშასადამე, დართვისათვის დედა უნდა გამოფრინდეს სკიდან.

6. დართვის დროს მამლის სასქესო ორგანოები იჭრება დედის საშოში, სადაც რჩება, მოწყდება რა მამლის სხეულს. მამალი კი კვდება.

7. დედის განაყოფიერება ხდება ცხოვრებაში ერთხელ. აქტის შემდეგ დედა სკაში ბრუნდება და ტოვებს მას მხოლოდ ნაყრის თანხლებით.

8. დართვისას თესლი საკვერცხეებში არ ხვდება. თესლით ივსება პარკი ან ტომარა,რომელიც კვერცხსავალთანაა დაკავშირებული.

9. საკვერცხეში მომწიფებული ყველა კვერცხიდან ვითარდებიან მამრები, თუ ისინი, ეშვებიან რა კვერცხსავალში სათესლე პარკის შევიწროვებისგან მოშორებით, არ განაყოფიერდებიან მამლის თესლით.

10. თუკი დედა რჩება გაუნაყოფიერებელი, ჩვეულებრივ ის არ დებს კვერცხს. უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში ის დებს კვერცხს, რომლისგანაც გამოდიან მხოლოდ მამლები.

11. ძველ დედებში თესლის მარაგი იწურება ან სხვადასხვა მიზეზით დედა კარგავს სათესლე პარკთან დაკავშირებული კუნთების მართვის უნარს და ამიტომ მას არ შეუძლია კვერცხის განაყოფიერება. ასეთ შემთხვევაში ის დებს მხოლოდ სამამლე კვერცხს ან სრულებით წყვეტს კვერცხდებას.

12. ოჯახებში, რომლებსაც არ ყავთ დედა და არ აქვთ საჭირო პირობები ახალი დედის გამოსაყვანად,ზოგჯერ კვერცხდებას იწყებენ ჩვეულებრივი გაუნაყოფიერებელი მუშა ფეტკრები, მაგრამ ეს კვერცხები ყოველთვის სამამლეა. კვერცხის მდებელ მუშა ფუტკარს, დანარჩენი ფუტკრები ეპყრობიან, როგორც დედას.

13. სანამ სკაში არის ნაყოფიერი დედა, ფუტკრები ვერ ეგუებიან ნაყოფიერი მუშა ფუტკრების არსებობას. ასევე ვერ ეგუებიან ამ უკანასკნელთა არსებობას, თუკი მათ აქვთ ახალი დედის გამოყვანის იმედი. მაგრამ, გამონაკლისის სახით შეიძლება შევხვდეთ კვერცხისმდებელ ნაყოფიერ მუშა ფუტკარს, თუკი დედა მოკვდა ან იქნა ამოყვანილი. ზოგჯერ სკაში, კვერცხმდებელი მუშა ფუტკარი იმყოფება ახალგაზრდა დედასთან ერთად, დედის განაყოფიერების მომენტამდე.

ძერჟონის ყველა ეს შეხედულება გამოქვეყნებულ იქნა გერმანულ ჟურნალში „Bienenzeitung”, რომელსაც მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ისეთმა ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა და მეფუტკრემ, როგორიც იყო ავგუსტ ფონ ბერლეპში, თუმცა იტალიური ფუტკრის გერმანიაში შეყვანის შემდეგ თეორიის ჭეშმარიტება მისთვის თვალნათელი გახდა. მან აღიარა ძერჟონის აღმოჩენა და მთელი ცხოვრება თავს მის თანამოაზრედ თვლიდა. თავის კვლევებს ძერჟონი ატარებდა იტალიური და კრაინული ჯიშის ფუტკარზე. მან შენიშნა,რომ კრაინული დედების იტალიურ მამლებზე შეჯვარების შედეგად მიღებული მდედრობითი კასტის ინდივიდები(დედა და მუშა ფუტკარი)იყვნენ ორივე მშობლის თვისებების მატარებლები, მათ შეიძინეს იტალიური მამის მსგავსი ყვითელი შეფერილობა, ხოლო მიღებული მამლები იყვნენ კრაინული დედის მსგავსნი, რუხები. ეს კი, ნიშნავდა იმას, რომ მამლებს მხოლოდ დედის გენეტიკური ინფორმაცია გამოჰყვათ ანუ განვითარდნენ გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან. ბიოლოგიაში ამ მოვლენას პართენოგენეზი ქვია.

1859 წელს ძერჟონი ჩამოშორებულ იქნა საეკლესო ცხოვრებას, მას მოუხსნეს მღვდელმსახურის წოდება (ზოგიერთი ისტორიული ცნობით, მისი განთავისულებაც მის მოსაზრებებს უკავშირდება). მას შემდეგ მკვლევარი მთელს თავის დროს და ენერგიას მეფუტკრეობას უთმობს.

1895 წელს უკვე ფერდინანდ დიკკელი გამოვიდა თეორიის მკვეთრი კრიტიკით, მისი მტკიცებით დედა დებს მხოლოდ განაყოფიერებულ კვერცხს, ფუტკრები კი თავად განსაზღვრავენ კვერცხის სქესს ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტის მეშვეობით. დიკკელის კრიტიკაც ხანმოკლე აღმოჩნდა.

1898 წელს ზალცბურგში, მეფუტკრეთა სხდომაზე იან ძერჟონმა და მისმა თეორიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მკვლევარის სამეცნიერო მოღვაწეობას მიეცა უმაღლესი შეფასება სამეცნიერო წრეების მიერ, იგი არჩეულ იქნა მიუნხენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად და ხდება მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

ძერჟონის თეორიამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში განიცადა რიგი ცვლილებები, რადგანაც შემდგომმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გაუნაყოფიერებელი კვერცხიდანაც შესაძლებელია მდედრობითი კასტის ინდივიდების განვითარება. 1872 წელს ჯონ ჰიუიტმა აღმოაჩინა, რომ პუნიურ მუშა ფუტკრებს აქვთ უნარი თავად გამოზარდონ როგორც მამლები ისე დედები. სხვადასხვა რასის უდედო ოჯახებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ „ეს ინსტიქტი სრულიად განვითარებული აქვს პუნიურ ფუტკარს, ნაწილობრივ განვითარებული სირიულს, ხოლო ჩვენს ადგილობრივ (ევროპულ) ფუტკარში საერთოდ არ არის“. 1912 წელს ონიონსი წერს, რომ აღმოაჩინა პართენოგენეზური მუშა ფუტკრები და დედები ერთერთი სამხრეთ აფრიკული ჯიშის ფუტკარში (Apis mellifera capensis). 1943 წელს კი მაკენზენმა აღნიშნა, რომ ასეთი თვისება ამოაჩნდა ამერიკაში გამოყვანილ, ევროპული ფუტკრის რამდენიმე ხაზს.

90 წლის იან ძერჟონი საფუტკრეში

90 წლის იან ძერჟონი საფუტკრეში (1901 წელი)

მიუხედავად ამ აღმოჩენებისა, ძერჟონის თეორია დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, რადგან ავტორი მხოლოდ ევროპულ ჯიშებთან მუშაობდა და ამ ჯიშებში, გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან მდედრობითი ინდივიდების განვითარება უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს.

იან ძერჟონი ავტორია მრავალი წიგნის და სამეცნიერო ნაშრომის.“თანამედროვე მეფუტკეობის თეორია და პრაქტიკა“(1848),“რაციონალური მეფუტკრეობა“(1861),“ორმაგი სკა“(1891), ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მისი მდიდარი შემოქმედებიდან.

იგი გარდაიცვალა 1906 წელს, 95 წლის ასაკში, მომავალ თაობას კი აჩუქა ფუტკართან გატარებული 83 ოქროს წელი.

ამით მინდა დავამთავრო ბრწყინვალე ნატურალისტის, მკვლევარის, უდიდესი მეფუტკრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. არ ვიცი რამდენად სრულყოფილად გადმოვეცი  მისი ამაგი, რამდენად ჯეროვნად მივაგე პატივი მის სამარადისო ხსოვნას. ამას ალბათ მკითხველი შეაფასებს! მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ჟურნალს, როგორც იდეას! მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა მეფუტკრეს, ყველა ახალბედას ვისაც თავის საქმედ და საკეთებლად მეფუტკრეობა აურჩევია და ჩემი წერილი დავამთავრო ისევ იან ძერჟონის შესანიშნავი სიტყვებით: “ის ვინც მეფუტკრეობას მისდევს არა მხოლოდ სარგებლისთვის, ვინც ჭეშმარიტი სიყვარულით უვლის და ყურადღებით აკვირდება ფუტკარს, ის თითქმის ყოველთვის კარგი ადამიანი, სასახელო მოქალაქე და საიმედო მეგობარია.“

სტატიის ავტორი: გივი ნინიძე