ქართველოს მეფუტკრეთა საზოგადოების ,,მწვანე სკა“ სერტიფიცირების პროგრამა

 

ყოველი მეფუტკრის ცოდნა, უნარები და გამოცდილება ფუტკრის კეთილდღეობას, ქვეყანაში დარგის მდგომარეობას და მომავალს განსაზღვრავს.

მეფუტკრეობის ხელოვნება უწყვეტად იხვეწება და ვითარდება. ადამიანი, ალბათ, კიდევ დიდხანს განაგრძობს ფუტკრის სამყაროს შეცნობას და უფრო მეტად დაუმეგობრდება მეთაფლე ფუტკარს.

მწვანე სკის სერტიფიცირების პროგრამა ჩვენს ძვირფას მეფუტკრეებს მუდამ შეახსენებს, რომ ცოდნის განახლება, საკუთარი ინფორმირებულობის გადამოწმება და უნარების შეფასება წარმატებულად საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. განვითარება ხომ უწყვეტი პროცესია!

მწვანე სკის სერტიფიცირების პროგრამა მეფუტკრის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოცდა-შეფასებას გულისხმობს. გამოცდა მეფუტკრის სამიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის დადასტურებას მოახდენს.

პირველი საფეხური მოყვარული მეფუტკრის კვალიფიკაციას განსაზღვრავს;

მეორე - პროფესიონალი მეფუტკრის სტატუსს ადგენს, ხოლო

მესამე - პროფესიონალი მეფუტკრე-მასწავლებლის (ტუტორის) გამოვლენას ემსახურება.

გამოცდა სამი ტიპის აქტივობით: ცოდნის წერითი/ვერბალური გზით და მეფუტკრის პრაქტიკული უნარჩვევების დემონსტრირება-შეფასებით მიმდინარეობს.

სერტიფიცირება ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, მიუხედავად მათ მიერ მეფუტკრეობაში განვლილი სკოლისა, თუმცა სერტიფიკატში მათი სურვილისამებრ მოხდება აღნიშნული სკოლის/კურსის მითითება და მადლიერების გამოხატვა. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი კურსის ავტორის/დაწესებულების მიერ.

წარმატებით ჩაბარებული გამოცდა თქვენ მიერ განვლილი საგანმანათლებლო პროგრამის სისრულისა და ხარისხის გადამოწმების საშუალებასაც მოგცემთ.

აღნიშნული საგამოცდო სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავად არიან საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებული და ცდილობენ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ მათ მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო სერვისის ეფექტურობაზე, რაც ხარისხის კონტროლის საიმედო მექანიზმსაც წარმოადგენს.

რეკომენდაცია:

გამოცდის გავლა და სერტიფიკატის განახლება უნდა მოხდეს სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ.

დამატებითი ინფორმაცია:

რა ტიპის ცოდნითა და უნარჩვევებით უნდა იყოს აღჭურვილი მეფუტკრე დეტალურად არის განსაზღვრული მეფუტკრის ცოდნისა და უნარების ნაკრებში.

პასუხისმგებლობის მოხსნა:

,,მწვანე სკის“ საგამოცდო სისტემა მეფუტკრეთა საზოგადოების დამოუკიდებელი ინტელექტუალური პროდუქტია და არ არის ასოცირებული რომელიმე აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან.

აღნიშნული გამოცდის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერი ბექგრაუნდის მქონე ადამიანს.