დედა ფუტკრის დარგოლვა - ალტერნატიული მეთოდი კვერცხდების შესაწყვეტად

07/11/2023

ალექსანდრე უზუნოვი და ჩაო ჩენი

ა) აგრარული მეცნიერებებისა და სურსათის ფაკულტეტი, წმინდანების კირილესა და მეთოდიუსის უნივერსიტეტი სკოპიე, მაკედონია;

ბ) მწერების მთავარი სახელმწიფო ლაბორატორია, მეფუტკრეობის კვლევითი ცენტრი, ჩინეთის აგრარული მეცნიერებების აკადემია, პეკინი, ჩინეთი;

დედა ფუტკრის დარგოლვა - ალტერნატიული მეთოდი კვერცხდების შესაწყვეტად, უზუნოვისა და ჩაოს (2023) ავტორობით, გამოქვეყნდა ჟურნალში “Bee World“

პუბლიკაცია თარგმნა ირაკლი ჯანაშიამ

 

მომხმარებლის ინტერესი მეფუტკრეობის ქიმიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქტებისადმი მეფუტკრეებსა და მკვლევარებს ტკიპი ვაროას კონვენციური ქიმიური მეთოდების ჩასანაცვლებლად ალტერნატიული, უსაფრთხო მეთოდების ძიებისკენ უბიძგებს.

ბოლო ათწლეულის აღნიშნულმა მიმდინარეობამ ხელი შეუწყო კვლევებს, რომლებიც სხვადასხვა პრაქტიკული  იდეებისა და მიდგომების განვითარებით გრძელდება, როგორც კომერციულ ისე სამეცნიერო მეფუტკრეობაში, რა დროსაც ტკიპებთან ბრძოლის კონტექსტში ბიოტექნოლოგიური მეთოდები დომინირებდნენ.

ხელმისაწვდომი მეთოდებიდან კვერცხდების შეზღუდვა, კერძოდ დედა ფუტკრის იზოლირება ყველაზე ფართოდ დაინერგა მეფუტკრეობაში (უზუნოვი და სხვ., 2023). მეთოდის პრაქტიკულობა და სიმარტივე გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდა როგორც მოყვარული, ისე კომერციული მასშტაბის მეფუტკრეებისთვის. აგრეთვე, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებენ დედა ფუტკრის დატყვევებით მიღწეული უბარტყობისას  მჟაუნმჟავას ან თიმოლის გამოყენების მარალეფექტურობაზე, რომელიც შედარებადია მძიმე აკარიციდების ეფექტურობასთან (ბუშლერი და სხვ., 2020; ჯაკომელი და სხვ., 2016).

დედა ფუტკრის დატყვევების კარგად ცნობილი ტექნიკა მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. იტალიაში ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარი გამოცდილება აქვთ. იტალიელი მეფუტკრეები ატყვევებენ დედა ფუტკარს ზაფხულის მკურნალობის ჩასატარებლად, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, რომლებშიც ბარტყი ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში აღინიშნება. აქვე, ასევე გამოიყენება ხელოვნურად გამოწვეული უბარტყობა ზამთრისა და ზოგჯერ გაზაფხულის მკურნალობის ჩასატარებლად (ლოდესანი და სხვ., 2019). მიუხედავად, სხვა ბიოტექნიკურ მეთოდებთან შედარებით ამ მეთოდის ბევრი უპირატესობისა, როგორიც არის: მისი სიიაფე, იოლად განხორციელებადობა და სიმარტივე, მას ნაკლოვანი მხარეებიც აქვს. მეფუტკრეები ფრთხილობენ: დედა ფუტკრის სიჯანსაღესთან, სიცოცხლისუნარიანობასთან, ამალის მიერ მის მიმართ გამოჩენილ ყურადღებასა და ტყვეობიდან განთავისუფლების შემდგომ კვერცხდების უნარის ცვლილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

გალია როგორც წესი, ერთ ფიჭაში ან ორ ფიჭას შორის კონკრეტულ მონაკვეთზე თავსდება, რაც ამცირებს დედა ფუტკრის ხანგრძლივი დატყვევების შესაძლებლობას, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც დატყვევებული დედა ფუტკარი ვერ გადაადგილდება მოზამთრე გუნდთან ერთად ბუდის სივრცეში.

მეფუტკრეებს, რომლებიც ფლობენ დედა ფუტკრის დატყვევების მეთოდს, აქვთ სურვილი შეზღუდონ კვერცხდება და ამავდროულად უზრუნველყონ მისი თავისუფალი გადაადგილება და ფერომონების გავრცელება ოჯახის ბუდეში. ამ მიზნის მიღწევა კიდევ უფრო გაზრდიდა მეთოდის პოპულარობას. აღნიშნული საკითხი გარკვეულწილად უკვე გადაჭრილია შედარებით დიდი ზომის მქონე გალიის გამოყენებით ან ჩარჩოს ზედა თამასაზე სპეციალური ცხაურის ცხაურის განთავსებით, რა დროსაც დედა ფუტკარი მეტნაკლებად ბუნებრივ, თუმცა მაინც შეზღუდულ პირობებში იმყოფება (სურათი 1). დედა ფუტკარი ასევე შეიძლება დატყვევდეს ერთ ან რამდენიმე ჩარჩოიან იზოლატორში, რომელსაც ბარტყის ხაფანგად იყენებენ (მაული და სხვ., 1988). ასეთ შემთხვევაში დატყვევების დასრულებისას მეფუტკრეს უწევს იზოლატორში აღმოჩენილი ბარტყის დაზიანება ან განადგურება.

 

სურათი 1. მოწყობილობები რომლებიც გამოიყენება დედა ფუტკრის დატყვევებისთვის იმგვარად რომ მუშა ფუტკრების ამალა მას თან ახლავს (მოწყობილობის კედელი განვლადია მუშებისთვის). (a) ფიჭაში ჩანერგილი ხელნაკეთი გალია; (b) მცირე მოცულობის გალია დედის ტრანსპორტირებისა და იზოლირებისთვის; (c) ფიჭის ერთ-ერთ ზედაპირზე ჩაფლული გალია; და, (d) ფიჭათშორისი გალია (ფოტო: მ. გაბელი), რა შემთხვევაშიც დედა ფუტკარი მოთავსებულია ორ ფიჭას შორის და აქვს ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილების გაზრდილი შესაძლებლობა.

გამოსავალის ძიებაში

ზემოთ აღნიშნული პრაქტიკული სირთულეების გადაჭრის შესაძლებლობა ჩინეთში იქნა მოფიქრებული. იქ მეფუტკრეებმა ამას წარმატებით მიაღწიეს მარტივი, ცილინდრული ფორმის პლასტმასის მილაკის ტიპის მოწყობილობის გამოყენებით, რომლითაც ისინი დედა ფუტკრის მუცელს ფარავენ (სურათი 2).

აღნიშნული ხელმისაწვდომი მოწყობილობა აფერხებს მუცლის ბუნებრივ მოძრაობას, რომელიც საჭიროა კვერცხდების განსახორციელებლად. ამავდროულად დედა ფუტკრის სხეულზე განთავსებული ეს მოწყობილობა, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს მისი ბუდეში გადაადგილების უნარზე. მოწყობილობის დასახელება 蜂王产卵节制套 შეიძლება ითარგმნოს როგორც კონტრაცეპტიული მოწყობილობა, კონტრაცეპტიული მილაკი ან როგორც კვერცხდების მაკონტროლებელი. თუმცა მოხერხებულობისთვის და ასევე თავად რგოლის განთავსების ტექნიკის განხორციელების გათვალისწინებით  ჩვენ  ვთავაზობთ „დედა ფუტკრის დარგოლვის“ ტერმინის დამკვიდრებას.

სურათი 2. დედა ფუტკარი (A. mellifera) მუცელზე განთავსებული რგოლით (პატენტის No. CN02279515.4, ჩენ (2003)).

გარკვეული ცნობებით, ჩინეთში აღნიშნულ ტექნიკას მეფუტკრეები უკვე ათ წელზე მეტია რაც იყენებენ. აღნიშნული გამოცდილება დასტურდება ჩინეთის მეფუტკრეობის ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე მოკლე სტატიითა და ტექსტური ნამუშევრით, რომლებშიც რგოლია ნახსენები, ან მისი გამოყენების ტექნიკაა მოკლედ აღწერილი.

საინტერესოა, რომ მეთოდი მეფუტკრეებს შორის ასევე განხილულია როგორც დედისთვის ფრენის უნარის შეზღუდვის შესაძლებლობა, და ასევე რამდენიმე დედის ერთ სკაში შენახვის საშუალება, რადგან მათ ეზღუდებათ ერთმანეთთან ბრძოლის შესაძლებლობა (ლი, 2006).

ნებისმიერ შემთხვევაში, რგოლის მწარმოებელი გარკვევით მიუთითებს პროდუქტის აღწერაში მის, როგორც დედა ფუტკრისთვის კვერცხდების შემზღუდავ დანიშნულებაზე, რითაც უბარტყობა უნდა იქნეს მიღწეული ფუტკრის ოჯახში.

პეკინის კლიმატურ პირობებში დედა ფუტკრის დარგოლვას, ადრეული ოქტომბრიდან მარტის დასაწყისამდე, ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი ზამთრის მსგავსად უბარტყობის გასახანგრძლივებლად, მხოლოდ ტკიპი ვაროას კონტროლის მიზნით მიმართავენ. თუმცა, აღნიშნული მიდგომა ასევე ტკიპი ტროპილელაფსის კონტროლის ახალ სტრატეგიას გვთავაზობს (ლუო და სხვ., 2011, პირადი კომუნიკაცია ლუო, ქ. ჰ.).

როგორც ჩანს, ზამთრის მანძილზე ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მეფუტკრეები განსხვავებულ ტატქიკას იყენებენ, რომელიც მოიცავს ზამთრის უბარტყობის გახანგრძლივებას. მეფუტკრეებს აღნიშნული მიდგომები კარგად აქვთ მისადაგებული გარემო პირობებს და შესაძლოა ასევე მოცავდეს სხვადასხვა აკარიციდების გამოყენებას.

ასევე, მეფუტკრეები დედა ფუტკრის დარგოლვას არ მიმართავენ ზაფხულის პერიოდში, მიუხედავად მისი მოკლე თუ ხანგრძლივი გამოყენებისა, რადგან დროდადრო ისინი სადედეების მშენებლობის პროცესის მოწმენი ხდებიან, რაც ოჯახების მოვლისთვის ახალი ძალისხმევის გაღებას მოითხოვს. თუმცა აღნიშნული ასპექტი ამჟამად მიმდინარე კვლევის საგანია (უზუნოვი და სხვ., პუბლიკაცია მზადდება). საბოლოოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლიმატური და მეფუტკრეობის პირობების მრავალფეროვნების გათვალისწინებით დედა ფუტკრის დარგოლვა სხვადასხვა სეზონზე, პირობებსა და სახით გამოიყენება.

დარგოლვის პროცესის აღწერა

რგოლი პლასტმასის კონუსური ფორმის მილაკია, რომელიც სალტესავით აკრავს დედა ფუტკრის მუცლის წინა (კრანიალურ) ნაწილს. მილაკის ორივე ბოლო ღიაა, ფართო ღიობის სანათური, რომელიც დედა ფუტკრის მუცლის ცენტრალური ნაწილზეა მოქცეული, სრულუად არის თავისუფალი და ღიობის შიდა დიამეტრი აქ 5.8 მმ-ს შეადგენს (სურათი 3). მილაკის შედარებით ვიწრო ბოლოს მართკუთხედის ფორმის ღიობი აქვს, რომლის კვეთაც 3 × 2 მმ-ია და ის დედა ფუტკრის მუცელსა და მკერდს შორის, ვიწრო წელზეა (petiole) ჩამოცმული. რგოლის ორივე ღიობი გასწვრივი ჭრილით არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ჭრილი რგოლის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

დედა ფუტკრის მუცელზე რგოლის მოსარგებად შექმნილია პლასტმასის სპეციალური პინცეტი (სურათი 3, (c)), რომელსაც მეფუტკრეები ხშირად ანაცვლებენ ადაპტირებული ლაბორატორიული პინცეტით. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული რგოლების დასამზადებლად გამოყენებული მასალის და ნაკეთობის დამუშავების ხარისხი განსხვავდება. დარგოლვის მიზნით უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ხარისხიანი მასალისგან დამზადებული რგოლი, რომელსაც არ აქვს წამახული კიდეები (სურათი 3, (a) ისარი) და თავად მასალა არ უნდა შეიცავდეს ისეთ სახეობის პლასტმასს რომელიც ვნებს დედა ფუტკარს.

სურათი 3. რგოლის გარე (a) და შიდა (b) ზედაპირები ფართო და შევიწროებული ღიობებითა და გასწვრივი ჭრილით. პლასტმასის პინცეტი გაგანიერებული (გახსნილი) რგოლითურთ (c) და (d) დარგოლილი დედა ფუტკრის ხედი გვერდიდან. სურათზე (a) ისრით მითითებულია რგოლის არასასურველი ბასრი კიდე.

გაიმეტე ბატონი ქალბატონის მოსახელთებლად!

დარგოლვაში დასაოსტატებლად მეფუტკრეს მცირე წვრთნა სჭირდება. საჭირო უნარები მსგავსია დედა ფუტკრის ნიშანდებისა, რა დროსაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დედა ფუტკრის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ფუტკრის ოჯახის ყველაზე სათუთი წევრის დარგოლვამდე ჩვენ გირჩევთ ხელის გავარჯიშებას მამალ ან მუშა ფუტკრებზე.

პლასტმასისა თუ ლაბორატორიული ადაპტირებული პინცეტის გამოყენებისას პირველ რიგში იხსნება თავად რგოლი და შემდგომ გახსნილი რგოლი მანტიასავით შემოეცმევა დედა ფუტკრის მუცელს ქვედა მხრიდან, დედა ამ დროს გულმკერდით უჭირავთ (სურათი 4).

პინცეტის აშვება - რგოლის დახურვამდე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ დედა ფუტკრის წელის არეში ოთხკუთხა ჭრილის (ვიწრო) ღიობი სწორად განთავსდა. მხოლოდ ამის შემდგომ ხდება რგოლის დახურვა, რგოლის როტაციული მანევრირებით კი ვრწმუნდებით რომ ის თავისუფლად ბრუნავს და დედის სხეულის რომელიმე ნაწილი არ იმყოფება წნეხის ქვეშ.

დედა ფუტკრის ყველა ფეხი თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო ფრთები რგოლს ზემოდან უნდა მოექცნენ

(იხილეთ ვიდეომასალა - www.tandfonline.com/doi/full/10.1080/0005772X.2023.2263285).

სურათი 4. მოდიფიცირებული ლაბორატორიული პინცეტი (a) განზე ოდნავ გადრეკილი კიდეებით (გადიდებული სურათი) გამოიყენება რგოლის ჩამოსაცმელად (b და c). როტაციული მოძრაობა (d) რგოლის ოპტიმალური განთავსებისა და საჭირო დონეზე მოსაშვებად.

დედის რგოლისგან განთავისუფლებისას მეფუტკრეს ასევე უწევს სიფრთხილის გამოჩენა, რათა პინცეტის გამოყენებისას არ დააზიანოს დედა ფუტკარი. ამისთვის, როგორც უკვე ვთქვით, დარგოლვა/განრგოლვის ტექნიკაში მეფუტკრე უნდა დახელოვნდეს ფუტკრის ოჯახის სხვა წევრებზე მუშაობით, რის შემდგომაც მეფუტკრე შეუძლია იღიღინოს: „მამალი ფუტკრები გადაარჩენენ დედას“ (სურათი 5).

სურათი 5. რგოლის მოცილება პინცეტის საშუალებით, პინცეტით მიდგომა (a), რგოლის გახსნა (b) ბოლო მანევრი რგოლის მოცილება დედა ფუტკრის მუცლიდან  მისი გახსნილ მდგომარეობაშივე ქვემოთ ჩამოწევით (c) დაზიანების თავიდან ასარიდებლად.

პერპსექტივები

სხვა ბიოტექნიკურ და ბარტყიანობის შეწყვეტის მეთოდებთან შედარებით მეფუტკრეობისთვის დედის დარგოლვას შესაძლოა ტკიპი ვაროას კონტროლის გაადვილების გარდა სხვა უპირატესობაც აღმოაჩნდეს. მეთოდის გამოყენება არ გულისხმობს ძვირადღირებული ინსტრუმენტების გამოყენებას და ადვილი განსახორციელებელია.

ასევე, შედარებისთვის, დედა ფუტკრის დატყვევების შემთხვევაში შესაბამისი გალიის ფასი 0.3-12.0 ევროს შორის მერყეობს, მაშინ როდესაც 100 რგოლის ფასი 0.5 დან 1.2 ევრომდე შეადგენს. ასევე დარგოლვა, სწორად შესრულების შემთხვევაში, ბევრად სწრაფად ხორციელდება, ნაკლებად დესტრუქციულია და მანიპულატორი არ წუხდება თაფლის წებოვნებით რაც ფიჭაში გალიის ჩანერგვისას ხშირია.

მეორე მხრივ, გალიიდან განთავისუფლების შემთხვევაში, მეფუტკრე, საჭიროებისას, ადვილად მოიხელთებს დედა ფუტკარს, ხოლო დარგოლვის შემთხვევაში ოჯახის დათვალიერება ხდება საჭირო მის საპოვნელად. მაგრამ არც ეს ასპექტი წარმოადგენს დიდ სირთულეს, რგოლიანი დედა ადვილად გამოირჩევა მუშა ფუტკრის მასისგან.

ასევე აღსანიშნავია დარგოლვასთან ერთად დედა ფუტრკის მიკროჩიპირების შესაძლებლობა. განიხილება ბიოდეგრადირებადი რგოლის შექმნის საკითხიც, რათა დარგოლვის სქემიდან ამოვარდეს რგოლის მოცილების ეტაპი (სურათი 5).

დატყვევებასთან შედარებით, დარგოლვისას დედის შეუზღუდავი გადაადგილება ფუტკრის ბუდეში ამ მეთოდის აშკარა უპირატესობაა. ასეთ ვითარებაში დედა ფუტკარი, დიდი ალბათობით, ფერომონების გავრცელებას ახერხებს, რაც ოჯახში წონასწორობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. დედა ფუტკარი ამ დროს შესაძლოა ამალის უფრო მეტ ყურადღებას ღებულობდეს. დედა ფუტკრის სკაში გადაადგილების შესაძლებლობა დარგოლვის ტექნიკის მთავარი უპირატესობაა და ქმნის ახალ შესაძლებლობებს უბარტყო მდგომარეობის მისაღწევად, განსაკუთრებით ზამთარში, რაც დედის დატყვევებას მისი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო სარისკოს ხდის. დარგოლვის ტექნიკით ეს დაბრკოლება გადალახულია, რამდენადაც დედა ფუტკარი შეუფერხებლად მიჰყვება მოზამთრე გუნდს, რაც ამცირებს მისი დაღუპვის და მწყობრიდან გამოსვლის საფრთხეს, კვერცხდების ხანგრძლივად შეზღუდვის შემთხვევაშიც. დარგოლვის ტექნიკამ ასევე შესაძლოა კარი გაუხსნას დედების ბანკის შექმნის ახალ ტექნოლოგიებს.

იმ მეფუტკრეების წინაშე, რომლებიც დედა ფუტკრის დარგოლვას გადაწყვეტენ, მრავალი ახალი პრაქტიკული შესაძლებლობა გამოჩნდება, რომელთა შესწავლა-გამოცდაც მათ კონკრეტულ გარემო პირობებსა და გარემოებებში მოუწევთ.

შესაბამისად, პეკინის მეფუტკრეობის ინსტიტუტის (IAR, CAAS) კოორდინირებითა და ხორვატი, გერმანელი, იტალიელი და მეკედონიელი კოლეგების თანამშრომლობით მიმდინარეობს დედა ფუტკრის დარგოლვის  შესაძლო თანმხლები რისკების შეფასება, ტკიპ ვაროასთან ბრძოლისთვის ზამთრის გახანგრძლივებული უბარტყობის გამოწვევის კონტექსტში, რა დროსაც ასევე აფასებენ ოჯახის მიერ საკვების მოხმარებასა და ოჯახის განვითარებაზე აღნიშნული პროცედურის გავლენას.

ვფიქრობთ, რომ, ტკიპი ვაროას კონტროლის კონტექსტში, ჩვენი კვლევის შედეგები საფუძველს შექმნიან დასავლეთის მეფუტკრეთა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ზაფხულის უბარტყობისა და  ჩინელი მეფუტკრეების მიერ გამოცდილი ზამთრის გახანგრძლივებული უბარტყობის მდგომარეობის კომბინირებისთვის. ამრიგად ფუტკრის ორივე სამყაროდან საკუეთესოს გამოყენებით ვიმედოვნებთ, რომ მეფუტკრეთა საზოგადოებას შევთავაზებთ ტკიპ ვაროასთან ბრძოლის ბუნებრივ პრინციპებზე დმაყარებულ მშვენიერ ახალ შესაძლებლობას და ამ გზით მეფუტკრეობის უვნებელი პროდუქტებით მსოფლიო ბაზრის მომარაგებას შევუწყობთ ხელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Büchler, R., Uzunov, A., Kovacˇi´c, M., Prešern, J., Pietropaoli, M., Hatjina, F., Pavlov, B., Charistos, L., Formato, G., Galarza, E., Gerula, D., Gregorc, A., Malagnini, V., Meixner, M., Nedi´c, N., Puškadija, Z., Rivera-Gomis, J., Rogelj Jenko, M., Smodiš Škerl, M. I., … Nanetti, A. (2020). Summer brood interruption as integrated management strategy for effective Varroa control in Europe. Journal of Apicultural Research, 59(5), 764–773. 2020.1793278. https://doi.org/10.1080/00218839
  2. Chen, S. (2003). A type of honey bee queen oviposition controller. Patent No. CN2585559Y.
  3. Giacomelli, A., Pietropaoli, M., Carvelli, A., Iacoponi, F., & Formato, G. (2016). Combination of thymol treatment (Apiguard®) and caging the queen technique to fight Varroa destructor. Apidologie, 47(4), 606–616. https://doi.org/10.1007/s13592-015-0408-4
  4. Li, Y. (2006). Good results of overwintering using queen oviposition controller, 21. Bee Magazine. [In Chinese].
  5. Lodesani, M., Franceschetti, S., & Dall’Ollio, R. (2019). Evaluation of early spring bio-technical management techniques to control varroosis in Apis mellifera. Apidologie, 50(2), 131–140. https://doi.org/10.1007/s13592-018-0621-z
  6. Luo, Q. H., Zhou, T., Wang, Q., Dai, P. L., Wu, Y. Y., & Song, H. L. (2011). Identification of Tropilaelaps mites (Acari, Laelapidae) infesting Apis mellifera in China. Apidologie, 42(4), 485–498. https://doi.org/10.1007/s13592-011-0028-6
  7. Maul, V., Klepsch, A., & Assmann-Werthmüller, U. (1988). Das Bannwabenverfahren als Element imkerlicher Betriebsweise bei starkem Befall mit Varroa jacobsoni Oud. Apidologie, 19(2), 139–154.https://doi.org/10.1051/apido:19880204
  8. Uzunov, A., Gabel, M., & Büchler, R. (2023). Summer brood interruption for vital honey bee colonies. ISBN 9781-916612-00-6, Apoidea Press.

 ვიდეომასალა 1. კომფორტული ხილვადობისთვის გაადიდეთ მასშტაბი.

მადლიერება

რჩევებისა და პუბლიკაციის გაუმჯობესებისთვის მადლიერებას გამოვხატავთ მარტინ გაბელის, მარინ კოვაჩიჩის, რაფაელე დალლოიოს, ანელი ბრანდტისა და ჯერემი გრუმის მიმართ.