რა უნდა ვიცოდეთ მეფუტკრეებმა ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ?

18/11/2022

რატომ ვსაუბრობთ დღეს ამ საკითხზე?

19-ე საუკუნის დასაწყისიდანვე სამეცნიერო თუ სხვა ტიპის საზოგადოებაში სოფლის მეურნეობის მისამართით სულ უფრო ხშირად გაისმოდა სიტყვა - მდგრადი. მდგრადობის აუცილებლობა იდგა, როგორც კაცობრიობის გასტრონომიული საჭიროებების უზრუნველყოფის, ისე ჩვენი პლანეტის ყველა ბინადრის გარემოს პირობების მიმართ. დედამიწაზე ადამიანის გავლენით სიცოცხლის პირობების გაურესება დღეს არაერთი ცხოველისა თუ მცენარის სახეობის გადაშენების მიზეზი ხდება.

ბიო, იგივე ორგანული, ბიოდინამიური, მეურნეობების განვითარების იდეა სწორედ აღნიშნული საკითხების მოგვარების ერთ-ერთ ბერკეტად მიიჩნევა, თუმცა ბიოს კონცეფციის რაციონალური აღქმა საზოგადოების მიერ ჯერაც არ მომხდარა. მოცემული მოკლე კრიტიკული ანალიზით ვეცდებით მკითხველს მეტი კითხვა გაუჩნდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისი ყურადღებით მოეკიდოს მას.

რატომ დაიწყო ყველაფერი?

ბიომეურნეობის იდეის დაბადება ერთ დღეს არ მომხდარა, შეიძლება ითქვას, ის ჯერ კიდევ ვითარდება და მისი საბოლოო იერსახე არაერთხელ შეიცვლება. ბიომეურნეობის კონცეფციის ფორმირება მრავალი ისტორიული მოვლენით იყო განპირობებული.

მეცხრამეტე საუკუნეშივე კაცობრიობის ინდუსტრიალიზაციის ფონზე თითქოს ერთმანეთის გზა გადაკვეთეს განსხვავებული ბუნების პრობლემურმა საკითხებმა:

  • ნიადაგის ნაყოფიერი სტრუქტურის რღვევამ,
  • მინერალური საუქების დანერგვის ფონზე უმოსავლობის გამწვავებამ, რადგან მცენარეთა არსებული ჯიშები არ იყვნენ ახალი ტექნოლოგიის მიმართ სათანადოდ ადაპტირებულნი,
  • ბუნებისგან ადამიანის მოწყვეტამ,
  • გარემოს და აგრეთვე სურსათის დაბინძურებამ ქიმიური ნარჩენებით,
  • ცოცხალი სამყაროს მრავალი სახეობის გადაშენების პირამდე მიყვანამ,
  • ვეგანური ეთიკის ევოლუციამ,
  • საუკუნის დაავადებების: დიაბეტის, ჭარბწონიანობის, გულსისხლძარღვთა და სიმსივნური პათოლოგიების გახშირებამ და სხვამ.

რას გულისხმობენ ბიომეურნეობაში?

დღეისთვის ბიომეურნეობის არსი სიცოცხლის პირობების მდგრადობის იდეისა და ეთიკური ორნამენტების მყიფე ნაზავია. ფართო საზოგადოების ცნობიერებაში კი ის მეტწილად დამატებით კომერციულ ღირებულებებთან და „სუფთა, ქიმიის გარეშე მოყვანილ“ სასურსათო პროდუქტებთან ასოცირდება, რაც მცდარი წარმოდგენაა.

ორგანული სოფლის მეურნეობის იდეის/პრატქიკის ამსახველი აკადემიური ხასიათის პირველი პუბლიკაციები 1925-1937 წლებში ევალდ კიონემანის (Ewald Könemann) მიერ იყო შედგენილი და ის კომპოსტირების, ნაკელის გამოყენების, სურსათის კონსერვაციისა და მცენარეთა დაცვის საკითხებზე იყო ფოკუსირებული. ორგანული (იგივე ეკოლოგიური) სოფლის მეურნეობის მიზნები თანდათან იცვლებოდა, კერძოდ სოფლის/სოფლად ცხოვრების იდეის მხარდაჭერიდან ის თანდათანობით გარემოს დაცვით ამოცანებზე გადაერთო.

ყურადღებას იმსახურებს ასევე ისიც, რომ ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის ფილოსოფიური ღერძი თავდაპირველად ანთროპოსოფიული სულიერი მოძღვრების ელემენტებით იყო გაჯერებული და დღევანდელი ბიომეურნეობების პრაგმატული და მეცნიერულად დასაბუთებული პრინციპებისგან  შორს იდგა. გერმანოფონური ქვეყნები ამ მხრივ პიონერებად ითვლებიან. გერმანიაში, ოცდაათიან წლებში, ნაცისტური რეჟიმის პირობებშიც კი, რომელიც საზოგადოების უმცირესობის ანთროპოსოფიულ დამოკიდებულებას სულაც არ იზიარდებდა, ორგანული წარმოების იდეის მიმართ ინტერესი პოლიტიკურ მხარდაჭერასაც პოულობდა, რადგან ის ეკონომიკურად მდგრადი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა.

ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის „ბუნებაზე გამარჯვების“ სულისკვეთება დღემდე ისეთივეა, როგორიც მის ჩანასახში იყო, დღესაც, მიზანი - უმცირესი ეკონომიკური დანახარჯით მაქსიმალური შესაძლო მოსავლის/მოგების მიღებაა.

მოგება სურსათის ინდუსტრიას ხარბი და პირდაპირი გაგებით ესმის, როგორც წესი ის იაფი მუშახელის, ხელოვნური სასუქის, სინთეზური პესტიციდების, მონოკულტურების, მასშტაბური შემძლეობის ტექნიკის გამოყენებასა და გარემოს რესურსების სრულ გამოფიტვას გულისხმობს.

ორგანული სოფლის მეურნეობის  პრინციპები განსაზღვრულია არაერთი საერთაშორისო ნორმატიული დოკუმენტით და მკითხველისთვის, ალბათ სასიამოვნოდ განმაცვიფრებლად, ის პირველ რიგში საყოველთაო სამართლიანობის დაცვას გულისხმობს:

ფერმერებს  სურსათის წარმოება მხოლოდ სამართლიან საქმიან გარემოში უნდა უწევდეთ, რაც მათთვის ღირსეული ანაზღაურების მოტანასა და ამავდროულად მომხმარებლისთვის სურსათის ხელმისაწვდომობასაც უნდა უზრუნველყოფდეს.

აქ ალბათ ბათილდება ბიომეურნეობაზე მომართული მკითხველის ცნობიერებაში დამკვიდრებული მოლოდინი ზღაპრულად მომგებიანი ფასწარმოქმნის შესახებ.

ამჟამად, აღნიშნული მორალური პრინციპები არ ექვემდებარება გადახედვას, ბიომეურნეობების  მართვის მოდელი სხვა გამოწვევის გადაჭრისკენ არის მიმართული - გაზარდოს მოსავლიანობა მინერალური სასუქებისა და სინთეზური პესტიციდების გამოყენების გარეშე ეკოგონივრული ტექნოლოგიების ჯერაც აღმოსაჩენი რესურსის ამოქმედებით, რომ ასეთი გზით მიღწეულმა გაზრდილმა მოსავლიანობამ მომხმარებლისა და მეწარმის ინტერესები თანაბრად დააკმაყოფილოს.

ორგანული სოფლის მეურნეობა, გარკვეული სტანდარტების მხედველობაში მიღებით, ანტიკური დროიდან არსებობს, თუმცა დღევანდელი გააზრებული მიდგომა მეტ პასუხისმგებლობასა და ღირებულებს აკისრებს მას.

სამართლიანობის პრინციპში ნაგულისმხევია ისიც, რომ ბიომეურნეობაში დაქირავებული მუშახელი ღირსეულ შემოსავალს უნდა იღებდეს.

ორგანული პროდუქტების საფოსტო მიწოდებით დაკავებული პირველი ამერიკული კომპანიის დამფუძნებელი პოლ კინი (Paul Keene) ინდოეთში მასწავლებლად მუშაობისას „მოიწამლა“ ბიოწარმოების კონცეფციით და თავის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, მაჰათმა განდის მსოფმხედველობით შთაგონებულმა, ორგანული სოფლის მეურნეობა დაახასიათა როგორც „ნდობის ფასდაუდებელი ტვირთი ... რომელიც მოგვიწოდებს უმაღლესი სტანდარტებისკენ“.

ის, რომ ბიომეურნეობა  არა მხოლოდ საქმიანობა არამედ დამოკიდებულებაცაა ნათლად ჩანს ფერმერთა გადაწყვეტილებებში, მაგალითად, ორგანულ წარმოებაზე გადასული კოოპერატივების ნაწილი გარდა იმისა, რომ არ იყენებს ინდუსტრიულ ტექნოლოგიებს, ასევე უარს ამბობს წარმოებული სურსათის შორს ტრანსპორტირებაზეც, რათა თავიდან იქნეს არიდებული სურსათის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული უარყოფითი აქტივობები: განსაკუთრებული შეფუთვა, კონსერვირება, თავად ტვირთის ტრანსპორტირებაზე ენერგომატარებლების ხარჯვა და ა.შ.

ასევე, ამ გზით, მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენისას თავად მეწარმეებთან ურთიერთობის წახალისება ხდება, ასეთ სოციალურ კავშირებს ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლიათ.

ორგანული სოფლის მეურნეობის  პრინციპებს შორის გარემოს რესურსების მაქსიმალურ დაზოგვის პრინციპი, თავის მხრივ, მოიაზრებს მეურნეობაში და მის მიმდებარედ არსებულ ეკოსისტემებში ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას ნიადაგის სიჯანსაღეზე ზრუნვითა და ბიომრავალფეროვნების წახალისებით.

ბიოწარმოების სექტორისთვის ახალი თავსატეხია კლიმატურ პირობების გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების მართვა, კერძოდ წიაღისეული ენერგომატარებლების გამოყენების შეზღუდვა და ნახშირბადნეგატიური ან სულ მცირე ნეიტრალური ტექნოლოგიების გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შეცვლილ გარემო პირობებთან სოფლის მეურნეობის ადაპტირებას.

რა გვესმის არასწორად?

ორგანული წესით წარმოებული სურსათის მიმართ არსებობს რამდენიმე მცდარი მოლოდინი, მაგალითად, მეწარმეც და მისი პროდუქტის მომხმარებელიც რატომღაც მიიჩნევენ, რომ ბიომეურნეობაში მოწეული ხილი მცირემოსავლიანი, პატარა, ჭორფლიანი და მატლიანი უნდა იყოს.

მსგავსი „გაგება“ მკვიდრდება ქართულ (არახოლოდ) მეფუტკრეობაშიც, მეფუტკრეები ნორმალურად მიიჩნევენ ოჯახების დიდი წილის დაღუპვას ზამთრისპირა და ზამთრის პერიოდში, რადგან არ იყენებენ სინთეზურ აკარიციდებს ტკიპი ვაროას წინააღმდეგ. ასევე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება მცირემოსავლიანობა ბიოსაფუტკრეებში. ყოველივე ეს შობს თავის მამართლებელ არგუმენტებს - „ჩვენი მეთოდები ტრადიციულია, ზარალიანია, მცირემოსავლიანია და სწორედ ამიტომ გვაქვს მაღალი ფასი თაფლზე.“

მსგავსი დამოკიდებულება ინფანტილურია, მავნებლურიც რომ არ იყოს და ააშკარავებს რამდენად ვართ დაშორებულნი ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის კონცეფციას სინამდვილეში.

ორგანული მეურნეობის მონიტორინგისა და სერტიფიცირების პროცესი დღეისთვის საკმაოდ მარტივია და ადვილად განხორციელებადი მანიპულაციებისა და სხვა, ასევე იოლად მოგვარებადი, ტექნიკური ასპექტებისგან შედგება (სურათი 1.) მეწარმის ჭეშმარიტი ბიოდამოკიდებულების შეფასება კი პრაქტიკულად ვერც კი ხერხდება.

 

სურ. 1

ბიომეფუტკრეობის პრაქტიკის ძირითადი ელემენტები დღეს

ბიომეურნეობის მომავალი

ისტორიული თვალთახედვით, თანამედროვე ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა ანტიკური პერიოდიდან უნებლიედ ჩამოყალიბებული ბიოდინამიური მოდელის მემკვიდრეა, მხოლოდ რადიკალურად შეცვლილი ტექნოლოგიური თავისებურებებით და ჯერაც სუსტი ეთიკური პასუხისმგებლობით.

აღმოჩნდა, რომ ბიომეურნეობას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაზე. მაგალითად მერძეული მესაქონლეობის ინდუსტრიალიზაციას გარკვეული პათოლოგიების: კეტოზებისა და მასტიტების გახშირება მოჰყვა, ბიოდინამიურ ფერმებში კი მსგავსი პრობლემა არ აღინიშნება და სწორედ მათ მიერ განხორციელებული ტექნოლოგიების შესწავლა-გააზრებით შეიცვალა მერძეულ მესაქონლეობაში ცხოველთა კვების მიმართ დამოკიდებულებაც ჩრდილო-დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ის, რომ ბიომეურნეობაში ინდუსტრიულ მეურნეობასთან შედარებით მცირე მოსავალი მოდის სულაც არ უნდა იყოს აქსიომა. ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ბიომეურნეობის გაძღოლა ხდება არარაციონალური მიდგომით, შესაძლოა შესაცვლელი იყოს ტექნოლოგია და მეურნეს სჭირდებოდეს განათლებისა და გამოცდილების გაღრმავება. საფუტკრე მეურნეობას ეს განსაკუთრებით ეხება. ნამდვილი ბიოსაფუტკრე შესაძლოა აღმოჩნდეს ის გარემო, რომელშიც მეფუტკრეობის არაერთი მტკივნეული საკითხის მოგვარების გზა იქნება ნაპოვნი.

ბიომეურნეობაში მოღვაწე ფერმერი უნდა გრძნობდეს ბუნების უხილავი სიმების თრთოლვას და ხვდებოდეს სხვადასხვა მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ფერმერი საკუთარი ტექნოლოგიის მიმდინარე გადახედვის რეჟიმში უნდა აგრძელებდეს მუშაობას, სწორედ ისე, როგორც ამას მისი წინაპრები აკეთებდნენ გასულ საუკუნეებში.

ნიადაგის, ამინდის, ცხოველთა და მცენარეთა, მიკროორგანიზმთა და მინერალების სამყაროს ჰარმონიული კავშირების ამოცნობა ის რეცეპტია, რომელიც დაკვირვებულ, მზრუნველ, მოთმინებით აღჭურვილ და შემოქმედ მეურნეს ხელეწიფება.

ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის პოტენციალი ბოლომდე გამოვლენილი არ არის, მისი შეცნობა დიდი ალბათობით ერთადერთი გზაა ჩვენს პლანეტაზე ისეთი სიცოცხლისუნარიანი გარემოს შესაქმნელად, სადაც სხვა წევრებთან ერთად ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანის ადგილიც გამოინახება.

 

 სტატიის ავტორი: ირაკლი ჯანაშია

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Lockeretz, William, ed. Organic farming: an international history. CABI, 2007.

Council Regulation (EC) No 834/2007 of 28 June 2007 on organic production and labelling of organic products and repealing Regulation (EEC) No 2092/91

Pocol, Cristina Bianca, Peter Sedik, Ioan Sebastian Brumă, Antonio Amuza, and Aurica Chirsanova. "Organic beekeeping practices in Romania: Status and perspectives towards a sustainable development." Agriculture (Switzerland) 11, no. 4 (2021): 1-18.

Conrad, Ross. Natural beekeeping: organic approaches to modern apiculture. Chelsea Green Publishing, 2013.