სელექციაზე დაფუძნებული სამომშენებლო საქმე მეფუტკრეობაში

10/01/2022

სელექცია მეფუტკრეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და ამავდროულად ბურუსით მოცულ საკითხად რჩება.  სტატიის მიზანია გავეცნოთ ამ საკითხთან მიმართებაში დაგროვილ ცოდნას და გავითავისოთ ის ბიოლოგიური საწყისები, რომლებიც საფუძვლად უდევს მის დაგეგმვასა და განხორციელებას.

სამომშენებლო საქმე მეფუტკრეობაში ყოველთვის გულისხმობს სელექციის ასპექტს, იქნება ეს მიმართული ხალასი ქვესახეობის გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებისათვის, თუ მისი სანაშენე, საწარმოო ღირსებების გაუმჯობესებისთვის.

სამომშენებლო საქმე არ უნდა აგვერიოს დედა ფუტკრის წარმოებაში, როდესაც დედების მიღება მხოლოდ მათი წონის, შეფერილობისა და კვერცხდების უნარის კრიტერიუმების შეფასებით ხდება. სელექციაზე დაფუძნებული სამომშენებლო საქმის მიზანი ფუტკრის ყოველი მომდევნო თაობის სანაშენე ღირსებების გაუმჯობესებაა. დღესდღეობით სანაშენე ღირსებებს სამ ძირითად კატეგორიად ჰყოფენ:

1. ქცევითი თავისებურებები:

ა) თვინიერება,

ბ) მუშა ფუტკრის ქცევა ფიჭის დათვალიერებისას (იხ. სურ.1)

გ) ყრისადმი მიდრეკილება,

2. საწარმოო თავისებურებები: თაფლის, ყვავილის მტვრის, დინდგელის შეგროვებისა და სადედე რძის, ცვილის გაძლიერებული გამოყოფის გამოხატული ინსტინქტი,

3. სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელი თავისებურებები, როგორიცაა დაავადებების მიმართ მედეგობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ.

სამომშენებლო საქმის წარმოებისას, მომშენებელმა პირველ რიგში სელექციის მიზანი უნდა განსაზღვროს ზუსტად, თუ რომელი თავისებურებების გამყარება და გაძლიერება სწადია ფუტკრის ოჯახებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სელექციის პროცესი მხოლოდ კონკრეტული ნიშანთვისების განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული, მეფუტკრეობის ევროპული პრაქტიკა პრაქტიკული მნიშვნელობის ყველა თავისებურების შეფასებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული. რათქმაუნდა არსებობს უფრო ვიწრო ტიპის სელექციის პროგრამებიც, რომლის მაგალითად შესაძლოა ჩინეთში იტალიური ფუტკრის სადედე რძის გაძლიერებული წარმოების უნარის მქონე ფუტკრების მოშენება მოვიყვანოთ.

ორივე, ზემოთ ხსენებული, მიდგომის წარმატება დამოკიდებულია ხანგრძლივ დროზე გათვლილი სამუშაოს შესრულებაზე. სელექციის შედეგად წლიდან წლამდე მიღებული გაუმჯობესების მაჩვენებელი ამა თუ იმ ნიშანთვისებისთვის, როგორც წესი, ძალიან მცირეა და სამომშენებლო პროგრამაში დაშვებული შეცდომა შესაძლოა წლების შრომის შედეგების დაკარგვასაც გულისხმობდეს.

 სურ. 1 მნიშვნელოვანია თუ რამდენად მშვიდად აგრძელებენ მუშა ფუტკრები ფიჭაზე ფუსფუსს ჩარჩოს სკიდან ამოღება-დათვალიერებისას.

დასავლეთ ევროპის მეფუტკრეობაში სამომშენებლო საქმეში სანაშენე ღირსებების შეფასების ამჟამინდელი სისტემის დანერგვამდე სელექციის შედეგად ფუტკრის ოჯახების თაფლპროდუქტიულობის წლიური მაჩვენებელი 0.03% -ს არ აღემატებოდა. განვითარების ასეთი დაბალი ტემპი განპირობებული იყო სელექციონერების მხრიდან მხოლოდ ინტუიტიური მიდგომით. მეცნიერულად დასაბუთებული შეფასების სისტემის დანერგვის შემდეგ თაფლპროდუქტიულობის გაუმჯობესების წლიური მაჩვენებელი სელექციის წნეხის ქვეშ მყოფ ფუტკრის ოჯახებში 0.61% ს შეადგენს.

ალბათ მკითხველს უჩნდება განცდა, რამდენად მიამიტურია მოლოდინი თაფლპროდუქტიულობის გაორმაგებისა მოკლე დროში ჩატარებული სელექციური სამუშაოებით.

გერმანიაში, რთული 20 წლიანი სელექციის შედეგად, სეზონური თაფლპროდუქტიულობის მაჩვენებელმა საწყისთან შედარებით მხოლოდ 0.7 კგ-ით მოიმატა.  თუმცა, გაცილებით უფრო სწრაფი პროგრესით ხასიათდება თვინიერების მაჩვენებლის ცვლილება. ფუტრის ყოველ საინტერესო თავისებურებას მემკვიდრულად გადაცემის განსხვავებული ინტენსივობა ახასიათებს, ამა თუ იმ თავისებურების თაობიდან თაობაში გაუმჯობესების ალბათობა ხშირად შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს, რასაც გენეტიკური თავისებურებები განაპირობებენ. მაგალითად, ოჯახების ყრისადმი მიდრეკილება აგრესიულობა/თვინიერებასთან შედარებით უფრო რთული ,,მოსათოკია“.

როგორ ფასდება ფუტკრის სანაშენე ღირსებები?

სელექციის შედეგის შეფასება შინაურ ცხოველებში თითოეული ინდივიდის გაუმჯობესებული მახასიათებლების შესწავლით მიმდინარეობს, ფუტკრებში ეს განსხვავებულად - ოჯახის, როგორც ერთიანი სისტემის ეფექტურობის თავისებურებების შესწავლით ხდება. ამ შემთხვევაში განიხილავენ როგორც მუშა, ისე დედა ფუტკრის ,,ეფექტს“. კერძოდ, ოჯახის მიერ მეტი თაფლის შეგროვება მუშა ფუტკრების უნარით არის განპირობებული, მუშა ფუტკრების ამ უნარზე პირდაპირი გავლენა აქვს დედა ფუტკარს, რომელიც მათ შესაბამის გენეტიკურად გამყარებულ მახასიათებლებს (სანაშენე ღირსებებს) გადასცემს. ამავდროულად, დედა ფუტკარს იმავე თაფლის შეგროვებაზეც აქვს არაპირდაპირი ზემოქმედების უნარი - კერძოდ, მისი კვერცხდების უნარი ოჯახში მუშა ფუტკრების მრავალრიცხოვნებას განაპირობებს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ფუტკრის ოჯახის სიცოცხლისუნარიანობის შეფასების ობიექტურობა, მეცნიერების მიერ შედგენილი და გამოცდილი შეფასების სახელმძღვანელო წესების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული. სელექციის პროცესი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მეფუტკრის ან საფუტკრის მასშტაბით, მიზნის მისაღწევად ათეულობით მეფუტკრის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. შესაბამისად, პროგრამაში მონაწილე სელექციონერები ერთნაირად უნდა ფლობდნენ ოჯახის სანაშენე მნიშვნელობის თავისებურებების შეფასების მეთოდებს და იდენტური კრიტერიუმებით საზღვრავდნენ ამა თუ იმ მაჩვენებელს.

სელექციის პროცესის განხორციელებამდე აუცილებელია საცდელი საფუტკრეების განთავსების ადგილის წინასწარ განსაზღვრა. სარწმუნო შეფასების მისაღწევად, საწყისი მასალის შერჩევის შემდეგ განსაზღვრული ოჯახების დედების შთამომავლობის გამოცდა პარალელურად, რამდენიმე საცდელ საფუტკრეში უნდა მიმდინარეობდეს. გარემო სადაც საცდელი საფუტკრეებია განთავსებული ე.წ. საშუალო მონაცემებით უნდა ხასიათდებოდეს, რაიმე ტიპის ექსტრემალური გარემო ფაქტორების ზემოქმედება უნდა გამოირიცხოს, რომ შეფასებამ სარწმუნო ხასიათი შეინარჩუნოს და სხვადასხვა საცდელი საფუტრკრეებიდან მიღებული მონაცემები ურთიერთშედარებადი იყოს.

შეფასებები, როგორც წესი, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში განთავსდება, რომლის ანალიზითაც საკითხში გარკვეული ადამიანია დაკავებული, მსგავსი სისტემის შესანიშნავი მაგალითია ფუტკრის ევროპელ მეფუტკრე-მომშენებელთა სანაშენე მონაცემთა ბაზა, განთავსებული პლატფორმაზე - www.beebreed.eu.

შეფასების, შერჩევისა და შემდგომი შეჯვარების პროცესის უკეთ წარმოსადგენად წარმოგიდგენთ მის გამარტივებულ სქემას (სქემა N1).

მნიშვნელოვანია, რომ შეჯვარების პროცესი კონტროლირებადი იყოს, სანაშენე-შესაჯვარებელ მასალად იყენებენ როგორც დედა ფუტკრების მწარმოებელ ხაზს ასევე მამალი ფუტკრების მწარმოებელ ხაზებს. კონტროლირებადი შეჯვარება ორი ძირითადი გზით მიიღწევა: ხელოვნური/ინსტრუმენტული დათესლვის ტექნიკის გამოყენება და იზოლირებული დაწყვილების პუნქტების მოწყობა, სადაც გამორიცხულია არასასურველი, სელექციის პროგრამის მიღმა მყოფი ოჯახების და მათი მამალი ფუტკრების მოხვედრა.

როგორც აღვნიშნეთ, სანაშენე ოჯახების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით ერთბაშად მიმდინარეობს, რაც უმეტესწილად ნიშნავს იმას, რომ ე.წ იდეალური - ყველა კრიტერიუმით უზადო ოჯახი შესაძლოა სელექციის პირველ საფეხურებზე არც გვქონდეს. მაგალითად, დედა ფუტკრის მწარმოებლად შერჩეული ოჯახი ავლენს თვინიერ ხასიათსა და ტკიპი ვაროას მიმართ რეზისტენტობას, მაგრამ ხასიათდება ყრისადმი მაღალი მიდრეკილებით. ასეთი გარემოება არ გულისხმობს მოცემული ოჯახის გამოთიშვას სელექციის პროცესიდან, არამედ ამ ოჯახიდან მიღებული შთამომავლობა (დედა ფუტკრები) შესაძლოა შევაჯვაროთ იმ ოჯახის მამალ ფუტკრებთან, რომელიც ყრისადმი მიდრეკილებას ნაკლებად ავლენს თუმცა არ ავლენს პარაზიტისადმი მედეგობას და თვინიერების მაჩვენებელიც საშუალო აქვს.

შემდგომ თაობებში, იმის გათვალისწინებით, რომ უფრო კომპლექსურ სანაშენე მასალას მივიღებთ, შეფასების სისტემა რათქმაუნდა იგივე რჩება, თუმცა მომდევნო თაობის მისაღებად მშობელი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები უფრო კომპლექსური და მკაცრი ხდება.

სამომშენებლო პროგრამების სახეობები

სამომშენებლო პროგრამების სამ ძირითად ტიპს განასხვავებენ:

1. კომერციული - ორიენტირებულია საწარმოო მნიშვნელობის მაჩვენებლების ერთობლივ გაუმჯობესებაზე. ყველაზე მასშტაბური, ხანგრძლივი და მდგრადი შედეგის მომტანია, ხორციელდება მეფუტკრეთა საზოგადოებისა და კვლევითი ცენტრების ჩართულობით.

2. კონსერვაციული - მიზნად ისახავს კონკრეტული პოპულაციის ან რასის სიხალასის (გენეტიკური სიწმინდის) აღდგენას (თუკი აუცილებელია) და შენარჩუნებას.

3. კვლევითი დანიშნულების - როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე კვლევითი ცენტრის მიერ ხორციელდება და კონკრეტული ნიშანთვისების, ინბრიდინგის, ჰეტეროზისის და სხვა ფენომენების შესწავლას ემსახურება.

სამომშენებლო საქმემ მსოფლიო მეფუტკრეობაში ხანგრძლივი გზა განვლო და რასებს შორის შეჯვარებიდან და ერთსადა იმავე ადგილებში სხვადასხვა რასების შემოყვანა-დამკვიდრებიდან თანდათანობით უფრო რაციონალურ, მომავალზე გათვლილ ბილიკებზე იწყო სვლა. მოცემულ თემაზე ისტორიულ მასალას შემდგომ ნომრებში შემოგთავაზებთ.

დაგროვილმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ ადგილობრივი ქვესახეობების (რასები) პოპულაციებში ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირების უშრეტი შესაძლებლობებია თავმოყრილი, საჭიროა მხოლოდ მისი სწორად აღმოჩენა, განვითარება და გამოყენება. რასებს შორის შეჯვარების შემდეგ აღმოცენებული ჰეტეროზისის ,,ეფექტი“ მხოლოდ ერთ სეზონზეა გათვლილი, ხოლო შემდგომ სეზონზე მეფუტკრეს ხალასი სასტარტო მასალა უკვე აღარც აქვს რომ იგივე ფანდს მიმართოს.

სელექციის მასშტაბურობა და შესაძლო ნაკლოვანი მხარე

დავუბრუნდეთ შერჩეული სანაშენე მასალის შერჩევისა და გამოცდის საკითხს. საწყის ეტაპზე საფუტკრეში სანაშენე ღირსებების მატარებელი ოჯახების აღმოჩენა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს: მეფუტკრე უნდა ხელმძღვანელობდეს შეფასების დადგენილი წესებით, და შეფასებას ახორციელებდეს ერთი სეზონის მანძილზე ოჯახების რამდენიმეჯერ შემოწმებით.

შეფასების პროცესი დადგენილი პროტოკოლის მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს. შეფასება  დღის კონკრეტულ მონაკვეთში უნდა ხდებოდეს და სხვადასდხვა ოჯახების შეფასებისას გარემოს პირობები (ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, ღალიანობის ხასიათი...) მსგავსი უნდა იყოს. დაუშვებელია, რომ ოჯახების შეფასების დასაწყისში მზიანი მშვიდი ამინდი იყოს, ხოლო ბოლო რამდენიმე ოჯახი გაავდრებულზე ფასდებოდეს, ამგვარად მიღებული მონაცემები ვერ იქნება სარწმუნო და ოჯახებს შორის ურთიერთშედარებადი. სეზონის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჩატარებული შეფასება თანდათან გამორიცხავს მეფუტკრის მხრიდან არაობიექტური მიდგომის გავლენას. შეფასებისას მეფუტკრე ოჯახის სხვადასხვა ნიშანთვისებას 5-ბალიანი სისტემით აფასებს.

სეზონური შეფასების დასრულებისას მეფუტკრე ამოარჩევს სასურველი მაჩვენებლების მქონე რამდენიმე ოჯახს, პირობითად 200 - იდან 3-ს, სასურველია სამივე მათგანი განსხვავებული წარმომავლობის იყოს, სულ მცირე ერთი დედის შვილები მაინც არ იყონ.  შემდგომში სწორედ ამ სამი ოჯახიდან ღებულობს მომავალ თაობას მეფუტკრე გამოსაცდელად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შერჩეული სამი ოჯახის სანაშენედ შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მეფუტკრე მათი დედებიდან მიღებულ დედებზე შექმნილ ახალ ოჯახებს გამოცდის. ამგვარად, საწყისი ოჯახის სანაშენე ღირსებების მემკვიდრულად გადაცემის შესაძლებლობას ადგენს.

როგორც ვთქვით, პირველადი შეფასებით შერჩეული საწყისი ოჯახი მისი შთამომავალი დედის მხრიდან ტყუპი დების ოჯახების თავისებურებების შესწავლით ფასდება (იხ. სურ. 2).  ამ საფეხურზე, უკვე სასურველია  ტყუპი დედების  გამოცდა რამდენიმე საფუტკრეში, სხვადასხვა მეფუტკრის მიერ, პარალელურ რეჟიმში მოხდეს. ასეთი მეთოდით პირველადი შეფასებით შერჩეული ოჯახებიდან შესაძლებელია იმ ოჯახის გამოვლენა რომელიც სანაშენე ღირსებებს უფრო თვალსაჩინოდ გადასცემს შთამომავლობას.

სურ. 2 მცირე ფრაგმენტი მეთაფლე ფუტკრის სელექციის პროცესიდან. 

სანაშენე მნიშვნელობის ოჯახების შეფასება ყოველთვის მათი შთამომავლობის გამოცდით გრძელდება. 

რათქმაუნდა, მემკვიდრულ ნიშანთვისებებს ფუტკრები მამლების მხიდანაც იძენენ და ამავდროულად ფუტკრებში ექსტრემალური პოლიანდრიის მოვლენასთან გვაქვს საქმე - ერთ დედა ფუტკართან რამდენიმე ათეული, უმეტესწილად სხვადასხა ოჯახის წარმომადგენელი მამალი ფუტკარი წყვილდება. ბუნებრივია, ეს მოვლენა ართულებს სელექციის პროცესს. აუცილებელი ხდება კონტროლირებული შეწყვილების პროცესის უზრუნველყოფა - მამლები რომლებიც უკვე შერჩეული ოჯახის შთამომავალ დედა ფუტკრებთან წყვილდებიან ასევე შეფასების შედეგად შერჩეული ოჯახებიდან უნდა იქნენ მიღებული. ტექნიკურად ამის მიღწევა, როგორც აღინიშნა, შეწყვილების იზოლირებული პუნქტების ან ხელოვნური დათესლვის ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეწყვილების კონტროლისთვის ფართოდ იყენებენ მატერიკიდან იზოლირებულ კუნძულებზე სანაშენე ოჯახების გადაყვანას, ასევე  მაღალმთიანი რეგიონების ტყეებს, სადაც წინასწარ ადგენენ  ფუტკრის ოჯახების ველური ფორმით არარსებობას. მეფუტკრეთა საზოგადოება, რომელიც სელექციის პროცესს კოორდინირებს ორგანიზებას უკეთებს სანაშენე დასაწყვილებელი დედების ტრანსპორტირებას შეწყვილების იზოლირებულ პუნქტში მიკრონუკლეუსებით, ამ დროს ასევე ხდება სასურველი მამლებიანი ოჯახების განთავსებაც ახლო მანძილზე. მეფუტკრეები მიკრონუკლეუსებს აყალიბებენ იმგვარად, რომ გამოირიცხოს მამალი ფუტკრების გაყოლა შეწყვილების პუნქტში.

სელექციის ,,ბნელი მხარე“, ხშირად ასე მოიხსენიებენ სამომშენებლო საქმეში ინბრიდინგის საკმაოდ ხშირ მოვლენას. ახლონათესაური შეჯვარების ტექნიკა ხშირად გამოიყენება ამა თუ იმ გენეტიკურად განპირობებული ნიშანთვისების გასამყარებლად სანაშენე მასალაში, ამას გარდა, როგორც წესი სელექციის პროცესი ფუტკრის საერთო პოპულაციის მხოლოდ მცირე ნაწილში მიმდინარეობს, რაც ხშირად ინბრიდინგის მოვლენას გარდაუვალს ხდის. 

უნდა აღინიშნოს, რომ ინბრიდინგის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი და აუცილებელია. ეს ამოცანა შესრულებადია სამომშენებლო პროგრამის რაციონალურად წარმართვით, ისე, რომ სელექციით მიღწეული შედეგი არ დაკნინდეს. აღნიშნული შესაძლებელია მეფუტკრეთა საზოგადოების მიერ მასშტაბური სამომშენებლო საქმიანობის გაძღოლით - რაც მეტი მომშენებელია ამ პროცესში ჩართული, მით მეტია ღირებული სანაშენე მასალის მრავალფეროვნება/არჩევანი. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ინბრიდინგი სტაციონარული საფუტკრეებისთვის ისედაც არსებული პრობლემაა, მიუხედავად  იმისა, მეფუტკრეები მიმართავდნენ თუ არა რაიმე ტიპის სელექციას.

სტატიის ავტორი: ირაკლი ჯანაშია

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Uzunov, A., Brascamp, E. W., & Büchler, R. (2017). The basic concept of honey bee breeding programs. Bee World, 94(3), 84-87
  2. Bienefeld, K. (2016). Breeding success or genetic diversity in honey bees?. Bee World, 93(2), 40-44.
  3. Neumann, P., & Blacquière, T. (2017). The Darwin cure for apiculture? Natural selection and managed honeybee health. Evolutionary applications, 10(3)
  4. Altaye, S. Z., Meng, L., & Li, J. (2019). Molecular insights into the enhanced performance of royal jelly secretion by a stock of honeybee (Apis mellifera ligustica) selected for increasing royal jelly production. Apidologie, 50(4)
  5. SMARTBEES 2015. Performance testing protocol / A guide for European honeybee breeders.