27/07/2023
ქართველ მეფუტკრეებს საშუალება მიეცათ სწვეოდნენ თავიანთ კოლეგებს მოლდოვაში, გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ დარგობრივი გამოცდილება. ვიზიტი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით განხორციელდა.
სტუმრობა მოლდოვაში 2023 წლის 18-19 ივნისს შედგა. მოლდოვის მეფუტკრეთა ეროვნული ასოციაციისა და მოლდოვის თაფლის ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სასწავლო ტური რამდენიმე წარმატებულ საფუტკრესა და თაფლის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტებს მოიცავდა.
პირველი შეხვედრა მეფუტკრეთა ასოციაციის ოფისში; მოლდოვის რესპუბლიკის მეფუტკრეთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარე იონ მაქსიმი (მარჯვნიდან პირველი), მოლდოვის თაფლის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვიტალი პოპა (მარჯვნიდან მეორე) და ქართველი მეფუტკრეები: გივი ნინიძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და შოთა კალანდარიშვილი.
მოლდოვა დაახლოებით საქართველოს მსგავსი ფართობის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და გეოგრაფიულად ევროკავშირის ქვეყანას რუმინეთს ესაზღვრება. ევროკავშირთან სიახლოვე თაფლის ექსპორტისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელ წინაპირობას უქმნის. ქვეყანა 2013 წლიდან ახდენს თაფლის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში და დარგი განვითარების თვალსაჩინო ტემპით გამოირჩევა. როგორც ჩანს, მეფუტკრეობის განვითარებისთვის დონორი ორგანიზაციებიც დიდ რესურსს აბანდებდნენ.
მოლდოვის მეფუტკრეთა ეროვნული ასოციაცია ადვოკატირებას უწევს დარგს. ის ცდილობს წვლილი შეიტანოს მეფუტკრეთა რეგისტრაციის პროცესში და მუშაობს პესტიციდების გამოყენების შეტყობინების სისტემის დახვეწაზე, რაც ფუტკრის ოჯახების მოწამვლის საფრთხის შემცირებას უწყობს ხელს.
2023 წლიდან ასოციაციის ინიციატივით სახელმწიფოში ამოქმედდა საკანონმდებლო ვალდებულება, რომელიც მეფუტკრეებსა და მემცენარეებს ავალდებულებს BeeProtect სისტემაში რეგისტრაციას. მემცენარეობაში სასუქების ან პესტიციდების გამოყენებამდე, სულ მცირე 48 საათით ადრე, ფერმერი ვალდებულია განაცხადოს სპეციალურად შექმნილი ვებპლატფორმის საშუალებით წამლობის შესახებ, რაც მყისიერად ხდება ცნობილი მეზობლად მყოფი მეფუტკრისთვისაც. აღნიშნული სისტემა, დღემდე არ ამოქმედებულა სრულად, ფერმერების რეგისტრაცია ჭიანურდება, თუმცა მომართვიანობა ფუტკრის მოწამვლის შესახებ მატულობს.
როგორც ბატონმა იონ მაქსიმმა გვიამბო, ასოციაცია აგრეთვე ჩართულია მეფუტკრეობის სუფსიდირების პოლიტიკის შემუშავებაში და ორგანზაცია ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, რა ტიპის მომსახურებისა თუ ინვენტარის შესყიდვა უნდა შეძლოს მეფუტკრემ მიღებული სუფსიდიით.
ასოციაცია ასევე წევრ რეგისტრირებულ მეფუტკრეებს სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას, მათ შორის საგრანტო პროექტების კორექტირებასა და გამართვას სთავაზობს.
მოლდოვაში მეფუტკრეები სარეალიზაციო თაფლის წარმოებისთვის იყენებენ როგორც ტყის მასივების, ასევე მზესუმზირისა და რაფსის ნათესების ღალას, შესაბამისად მთაბარობა ძალზედ გავრცელებული პრაქტიკაა. მზესუმზირის მომიჯნავედ განთავსებული ნათესები, როგორც წესი, განსხვავებულ დროს ითესება და ხანგრძლივი უწყვეტი ღალით უზრუნველყოფს ფუტკრის ოჯახებს. თუმცა ხშირია ნათესებში გამოყენებული პესტიციდებით ოჯახების მოწამვლის შემთხვევებიც. ასევე, ნექტრის გამოყოფას ხშირად აფერხებს გახანგრძლივებული გვალვა.
საფუტკრეებში სკების განსხვავებულ სისტემებს შეხვდებით, ჩვენ უმეტესად ლანგსტროტისა და მაღალჩარჩოიანი ტიპის სკები ვიხილეთ. სკების დასამზადებლად ყველაზე გავრცელებული მასალა ხეა.
გრეგორი პოპას საფუტკრე მაღალჩარჩოიანი, საკუჭნაოთი აღჭურვილი სკებით არის უმეტესად დაკომპლექტებული. ბატონი პოპას მიერ დამზადებული სკის ძირითადი კორპუსი ალუმინის ფურცლით გარშემოკრული მსუბუქი დამათბუნებელი მასალისგან არის კონსტრუირებული.
განსაკუთრებული ინტერესით ვეცადეთ გაგვერკვია, რომელი ქვესახეობის ფუტკრებით აქვთ დაკომპლექტებული ფერმერებს საფუტკრეები. პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის განსხვავებული იყო, როგორც ჩანს მონაცვლეობით იყენებენ სხვადასხვა ქვესახეობების ჰიბრიდებს, კავკასიურ, კრაინულ და სხვა ფუტკრის ქვესახეობებს. რაც ალბათ იმაზე მეტყველებს რომ მეფუტკრეები, ისე როგორც ბევრგან, აქაც „საუკეთესო ფუტკრის ჯიშის“ ძიებაში არიან.
ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაგვიმყარა დედა ფუტკრების ცნობილ მწარმოებელთან პეტრუ სეკარასთან სტუმრობამ. ბატონი სეკარა განათლებით სტომატოლოგია, თუმცა უკვე რამდენიმე წელიწადია დედა ფუტკრის წარმოებაზეა გადართული. როგორც თავად გვიამბო, ის ძირითადად კარნიკას (Apis mellifera canrica) ქვესახეობის დედებსა და სხვადასხვა ქვესახეობების ჰიბრიდულ მასალაზე მუშაობს. ის დედა ფუტკრის ხელოვნური ინსემინაციის საკითხში ღრმად ჩახედული ადამიანია. ბატონმა სეკარამ წუხილი გამოთქვა იმის შესახებ, სამუშაოდ „სუფთა“ მასალის მოპოვება რთულია.
სტუმრად დედა ფუტკრის მწარმოებელ პეტრუ სეკარასთან
დაავადებების კონტროლი მტკივნეული საკითხია მოლდოველი მეფუტკრეებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება, ისევე როგორც საქართველოში, ტკიპ ვაროა დესტრუქტორს ეთმობა და მეფუტკრეები ფართოდ იყენებენ, როგორც ორგანულ მჟავებს, ისე სინთეზურ აკარიციდებს.
ქვეყანაში კონტინენტური მშრალი ჰავის წყალობით, იშვიათია ასკოსფეროზის შემთხვევები. სხვა ინფექციური დაავადებების კონტროლი სანიმუშო ფერმერული პრაქტიკის გატარებით ხდება. ანტიბიოტიკებისა და დანარჩენი აკრძალული პრეპარატების გამოყენება დიდ დაბრკოლებას უქმნით მეფუტკრეებს საკუთარი თაფლის გაყიდვაში. საექსპორტო თაფლის დიდ პარტიაში დაბინძურებული თაფლის მოხვედრა შეუძლებელია, შესაბამისად, მეფუტკრეების უმეტესობა პრაგმატული მოსაზრების გამო ამ მანკიერ პრაქტიკას ერიდება. ქვეყანაში წარმოებული თაფლის დიდი წილი ხომ სწორედ ექსპორტის გზით იყიდება.
მოლდოვაში, დაახლოებით, 6 კომპანია ახორციელებს თაფლის დიდი მოცულობით გადამუშავებასა და ექსპორტს. ჩვენ მხოლოდ ორ მოწინავე მათგანს ვესტუმრეთ.
რეჯინა ნატურიი - Regina Naturii
რეჯინა ნატურიი, მოლდოვაში უდიდესი წარმადობის უნარის მქონე თაფლის გადამამუშავებელი თანამედროვე კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ახდენს თაფლის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში.
კომპანია საკუთარი ბრენდის ქვეშ დაფასოებული თაფლის რამდენიმე სახეობით ამარაგებს როგორც ადგილობრივი სუპერმარკეტის ქსელს, ისე ევროპელ მომხმარებელს. თუმცა საექსპორტო თაფლის დიდ ნაწილს ნედლეულის სახით აწვდის უცხოელ მყიდველს.
კომპანიას გეზი აქვს აღებული წარმოებული პროდუქტების დივერსიფიცირებაზე. ამ მიზნით ის რამდენიმე ტიპის თაფლსა და სხვა სასურსათო პროდუქტებისა და თაფლის ნარევისგან ქმნის განსაკუთრებულ, ნოვატორულ პროდუქტებს.
კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას სურსათის გამოფენებსა და სხვა ტიპის კონკურსებში. ის არის ბევრი მათგანის გამარჯვებული და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.
რეჯინა ნატურის ხელმძღვანელი, ნიკანორ ნეგრუ (მარცხნიდან მესამე), ქართველი მეფუტკრეები და მოლდოველი მასპინძლები
კომპანიის ხელმძღვანელმა, ნიკანორ ნეგრუმ საწარმოს ყველა უბანი დაგვათვალიერებინა და აგვიხსნა, თუ როგორ ხორციელდება ტექნოლოგიური პროცესის მართვა და რა გზებით მიიღება უვნებელი და ხარისხიანი, საბოლოო პროდუქტი.
კასა ალბინი - Casa Albinei (ფუტკრის სახლი)
შთაგონების წყარო - ეს იქნებოდა ამ კომპანიის საქმიანობის ყველაზე ზუსტი და მოკლე დახასიათება, თუმცა მოდით, უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ, როგორ მუშაობს კასა ალბინი.
კასა ალბინის მონახულება დილიდანვე, ვიზიტის მეორე დღეს, მისი სასტუმრო კომპლექსით დავიწყეთ, რომელიც სოფელ ჰულბოაკაში მდებარეობს და დაბალი, მშვენიერი ტყით გარშემორტყმული ბორცვის ფერდობზეა შეფენილი.
ცენტრის ეზო მრავალფუნქციურია. აქ იხილავთ კოხტა ფაცხა-კერიას, ფანჩატურს, სადემონსტრაციო მცირე საწარმოს, რამდენიმე სასტუმრო აპისახლსა და საცურაო აუზსაც კი... ეზოს დიდი ნაწილი ფუტკრის ოჯახებს უჭირავს და, შესაბამისად, ფუტკრის გუგუნი ყველას ყურს სწვდება.
კასა ალბინის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი, მეფუტკრე, განათლებით საბანკო საქმისა და ბიზნესის სპეციალისტი, ვიტალი პოპა გახლავთ. ვიტალის ბაბუა მოლდოვაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფუტკრე იყო. აგრეთვე განსაკუთრებული გამოცდილების მქონე აქტიური მეფუტკრეა მისი მამაც - გრიგორი პოპა. წინაპრების მშვენიერი საქმიანობით შთაგონებულმა ვიტალიმ ქალაქური კარიერა ადრევე დათმო და მეფუტკრეობის დარგის განვითარებას მიჰყო ხელი. ის ამ საქმიანობას წარმოუდგენლად კომპლექსურად აღიქვამს, ხოლო მისი ენთუზიაზმი კი მართლაც რომ გადამდებია.
მასპინძელი სასტუმრო კომპლექსში მიღებულ სტუმრებს ფუტკრის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს აცნობს და მისი ყოველი ფრაზა აღტაცების მომგვრელია თავად მეფუტკრე მსმენელისთვისაც.
კომპლექსში მოხვედრილი დამთვალიერებელი და დამსვენებელი რამდენიმე გზით ღებულობს ინფორმაციას ფუტკრის, როგორც საოცარი შემოქმედისა და მკურნალის შესახებ. ცენტრს განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენ მოზარდები, მათ საშუალება აქვთ დაათვალიერონ ფუტკრის ოჯახები, მოისმინონ საინტერესო ფაქტები მეთაფლე ფუტკრის შესახებ, მინიატურულ საწარმოში იხილონ როგორ იწურება თაფლი და მეტი შეიტყონ ფუტკრის პროდუქტებსა და საფუტკრის გარემოს გამაჯანსაღებელ შესაძლებლობებზე.
სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, რამდენიმე დღით დაბინავდნენ „ფუტკრის სახლებში“ და ისუნთქონ ფუტკრის ოჯახის მიერ გაზიარებული ჰაერით, ისმინონ ფუტკრის ოჯახის ხმიანობა და დილა ამ ჯადოსნური სიმფონიით გაითენონ.
სტუმრების უსაფრთხოება მასპინძლის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. პატარა აფთიაქი საჭირო მედიკამენტებით მუდმივად მზადყოფნაშია იმ შემხთვევისთვის, თუკი სტუმარი დაინესტრა და ალერგიული აღმოჩნდა, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და მასპინძლის დახმარებით ყოველთვის უსაფრთხოდ სრულდება.
თაფლის, ჭეოსა და თაფლისგან დამზადებული თაფლაკვერების დაგემოვნების შემდეგ ცენტრის საპრეზენტაციო სხვენში მოვიყარეთ თავი, სადაც კომპანიის დაფუძნებისა და დღემდე განვლილი, საინტერესო გზის ისტორია მოვისმინეთ.
ბატონმა პოპამ გაგვაცნო, თუ რა სირთულეების წინაშეა ამჟამად მეფუტკრეობის დარგი მოლდოვაში. მან ხაზი გაუსვა გლობალურ ბაზარზე თაფლის ფასის შემცირებისკენ მიმართულ ტენდენციას და აგრეთვე თაფლის გაყალბების წვლილს მეფუტკრეობისთვის საზიანოდ. ამჟამად, ერთადერთ გამოსავლად ერთ მუშტად შეკრულ მეფუტკრეთა სექტორს ასახელებს, ერთიანობის ამოცანად კი საფუტკრე მეურნეობებში რაციონალური და სათანადო პრაქტიკის მოქმედება მიაჩნია.
კასა ალბინის საწარმოსთან არსებული მეფუტკრეობის მაღაზია მეფუტკრეებს არ სთავაზობს სხვადასხვა ე.წ მასტიმულირებელ საშუალებებსა და ცილოვან თუ ვიტამინიზირებულ დამატებითი კვების საშუალებებს. ბატონი პოპა მიიჩნევს, რომ ეს დაუსაბუთებელი ხარჯია და მხოლოდ თაფლის თვითღირებულებას ზრდის. ასევე უარს უცხადებს პარტნიორ მეფუტკრეებს მსგავსი პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე.
საგანმანათლებლო ტურიზმი, რომელიც მეფუტკრეობის დარგისადმი ნდობისა და პატივისცემის აღძვრას ემსახურება, აქ როდი მთავრდება. კასა ალბინი კიშინიოვის ფერმერთა ცენტრალურ ბაზარში, კოხტა მაღაზიაში, მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ხარისხიან თაფლსა და ფუტკრის სხვა პროდუქტებს. ეს მაღაზია საგამოფენო სტენდივით ფუნქციონირებს. კონსულტანტი ყოველთვის მზად არის, დეტალურად გაგაცნოთ პროდუქტის თვისებები და მისი შექმნის გზა.
ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღაზიასთან გამვლელი ბავშვები შეძახილებით უხმობენ მშობლებს: „ჩვენ ხომ ვიყავით იქ, სადაც ეს თაფლი მოჰქონდათ ფუტკრებს!“
ჭკვიანურად გათვლილი გულუხვი მარკეტინგული სტრატეგია მუშაობს! მომხმარებელს უყვარდება ფუტკარიც და თაფლიც.
ტურისტული ცენტრის გაცნობის შემდეგ კასა ალბინის საწარმოსკენ გავეშურეთ. ოჯახმა კარმიდამოს დიდი ნაწილი საწარმოს დაუთმო და ახლად აგებული, თანამედროვედ აღჭურვილი ორიარუსიანი ნაგებობა თაფლის გადამუშავებას ემსახურება.
საწარმო ასევე აღჭურვილია თაფლის ხარისხისა და უვნებლობის პარამეტრების კონტროლის შიდა ლაბორატორიით. როგორც მოსალოდნელი იყო, თაფლის საწარმოში ტესტირება საკმაოდ ხარჯიანი პროცესია და უარყოფითად მოქმედებს თაფლის შესყიდვის ფასზე. კასა ალბინი ცდილობს, მხოლოდ კეთილსაიმედო პარტნიორი მეფუტკრეებისგან შეიძინოს თაფლი და მათ შესაბამის ფასებს სთავაზობს.
საინტერესო გრაფიკით დატვირთული დღე იური ტურტურეანუს და კასა ალბინის საფუტკრეებში სტუმრობით განვაგრძეთ.
იური ტურტურეანუ (მარჯვნიდან პირველი) გამოცდილი და წარმატებული მეფუტკრეა. მისი საფუტკრე განსაკუთრებული სიკოხტავით გამოირჩევა. საფუტკრის დიდი ნაწილი მზესუმზირის პლანტაციებთან აქვს განთავსებული.
გრიგორი პოპა (ცენტრში), პროფესიონალი მეფუტკრე, კასა ალბინის საფუტკრეების მთავარი ტექნოლოგი, და ქართველი მეფუტკრეები რაზე იმსჯელებდნენ... თუ არა ფუტკარზე J
ბატონი პოპა ბედნიერი და ჯანმრთელი ფუტკრების დიდი მოსარჩლეა და სკების მაღალჩარჩოიანი სისტემის დიდი მიმდევარია; მიიჩნევს, რომ ამგვარ სკებში ფუტკარი უფრო ბუნებრივად გრძნობს თავს. მისი აზრით, მაღალი ჩარჩო ბუდის უწყვეტობასა და გამოზამთრების კომფორტს უზრუნველყოფს, რაშიც ყველანი დავეთანხმეთ.
ქართველი მეფუტკრეების მასპინძლობის დასრულებისთვის მიწისქვეშა მარანზე უკეთეს ადგილს ვერავინ მოიფიქრებდა.
ჩვენი მოლდოველი კოლეგებისგან იგრძნობოდა დიდი მეგობრობა, თანადგომა და ზრუნვა. მათ მიიღეს ჩვენგან გულითადი მოწვევა საქართველოში!
IFC-ის აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის პროექტი საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA–სთან) პარტნიორობით ხორციელდება.