18/08/2022
მეფუტკრეობაში არაერთი მოძველებული სტერეოტიპი საჭიროებს გადაფასებას; მაგალითისთვის კმარა დაავადებების კონტროლის ყავლგასული მიდგომების დასახელება - ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით და ისეთი დაავადებების მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორიც არის ასკოსფეროზი, ნოზემოზი და ამერიკული სიდამპლე. აგრეთვე, დღემდე ბატონობს მოსაზრება, რომ თაფლი არ ფუჭდება და მის გადამუშავებას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ამ შეხედულებების მცდარობას ადასტურებს ქართული თაფლის ექსპორტის მცდელობისას წარმოქმნილი სირთულეების გრძელი ჩამონათვალი.
განვითარების ახალ ეტაპზე მყოფი ქართული მეფუტკრეობა დარგის თანამედროვე ლიტერატურის დეფიციტს განიცდის.
იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ მეფუტკრეობას დღემდე ახასიათებს საბჭოური ჩაკეტილობით გამოწვეული ტექნოლოგიური ჩამორჩენა და მეფუტკრეთა წრეებში ამჟამად პოპულარულია აზრთა გაცვლისა და არარაციონალური მიდგომების სწრაფი გაზიარების პრაქტიკა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით განახლებული სახელმძღვანელოების შემუშავება და გავრცელება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის პროექტის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA–სთან) პარტნიორობით ხორციელდება, შემუშავდა და გამოიცა მეთაფლე ფუტკრის დაავადებათა კონტროლისა და უვნებელი თაფლის წარმოების თანამედროვე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოს სამიზნე მკითხველის ფართო სპექტრია, ის ღირებული იქნება: მეფუტკრეების, ვეტერინარების, სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისა და აღნიშნული პროფესიების დაუფლებაზე ორიენტირებული სტუდენტებისათვის.
მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს ფუტკრის დაავადებათა კონტროლის პრინციპებს და იმ საკითხებს, რომელთა ცოდნაც დაავადებათა კონტროლის სტრატეგიის განსაზღვრისას არის მნიშვნელოვანი. სახელმძღვანელოს პირველი ნაწილის მიზანია, მეფუტკრეს საშუალება მისცეს, თავად განსაზღვროს საკუთარ მეურნეობაში დაავადებების კონტროლის გეგმა და რაციონალურად შეძლოს მისი შესრულება.
სახელმძღვანელოს უვნებელი თაფლის წარმოების ნაწილში მკითხველი გაეცნობა საწარმოში თაფლის სწორად გადამუშავებისთვის საჭირო პირობების/ინფრასტრუქტურის შექმნის პრინციპებს. ასევე, საფუძვლიან ცოდნას შეიძენს თაფლის წარმოებისას არსებული პოტენციური საფრთხეების მართვის თვალსაზრისით. მეფუტკრეობის სექტორის მიმართ საქართველოში მოქმედი განახლებული საკანონმდებლო მოთხოვნები სახელმძღვანელოში გაშუქებულია იმგვარად, რომ ბიზნესოპერატორს სრულფასოვანი წარმოდგენა ექმნება, რა ევალება როგორც მეწარმეს.
საქართველოს მეფუტკრეთა საზოგადოება მწვანე სკა