ქართული თაფლი საერთაშორისო გამოფენაზე მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს

31/05/2022

ქართველი მეფუტკრეების სწრაფვა საერთაშორისო მომხმარებელს გააცნონ საკუთარი თაფლი და მონუსხონ მისი საგემოვნო თავისებურებებით, თანდათან უფრო რეალისტური ხდება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა საზოგადოება „მწვანე სკას“ საშუალება მიეცა წარედგინა საქართველოში მოღვაწე 5 მსხვილი მწარმოებლის თაფლი იტალიის ქალაქ პარმაში გამართულ სურსათის საერთაშორისო გამოფენაზე.

ჩიბუსის გამოფენას, პროდუქტების აქტიური რეკლამირებისა და ბაზრის გაფართოვებისთვის, განსაკუთრებულად ადგილობრივი-იტალიური კომპანიები იყენებენ, თუმცა არც სხვა ქვეყნებში მოღვაწე მეწარმეები უშვებენ ხელიდან მთელი მსოფლიოდან იტალიური ნუგბარითა და დელიკატესებით მოზიდული პოტენციური მყიდველის გაცნობისა და დაახლოვების შესაძლებლობას.

გამოფენაზე 3000 მდე მეწარმის პროდუქტი იყო წარმოდგენილი, სურსათის სახეობების ჩამონათვალი წარმოუდგენლად მრავალფეროვანია, გამოფენა 8 დიდ პავილიონში იყო განთავსებული.

ექსკლუზიურად თაფლის მწარმოებელი 4 კომპანია სთავაზობდა ვიზიტორებს საკუთარ პროდუქტს. თაფლი, ასევე, ხშირად იყო მოქცეული ერთი სავაჭრო ნიშნის ქვეშ ბრენდირებულ სასურსათო ნაკრებში (ზეითუნის ზეთი, პესტო, ტკბილეული, თაფლით დამზადებული კანფეტები...).

მწვანე სკისთვის ეს გამოფენა პირველ ნაბიჯია საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის პოპულარიზაციისთვის. საზოგადოების ძირითადი მიზნებია საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარება, წარმოების თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია, ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების წახალისება და საერთაშორისო ბაზრებისთვის ხარისხიანი ნაწარმის გაცნობა. 

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა უდავოდ სასარგებლო გაკვეთილი აღმოჩნდა ჩვენთვის და თაფლის ბაზართან, მარკეტინგთან და ბიზნესგარემოსთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევა და შესაძლებლობა უფრო თვალსაჩინო გახადა.

უცხოურ ბაზრებზე ბრენდირებული პროდუქტით გასვლის სტრატეგია, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რაც ისეთი ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული, როგორიცაა წარმოების მცირე მოცულობები, თაფლის ერთგვაროვნება...  

ქართველი მეწარმეების ცნობიერებაში ქართული თაფლის პერსონიფიცირებული ბრენდის ქვეშ მოქცევა მისი სარფიანად გაყიდვის ერთგვარი გარანტიის განცდას ტოვებს. აღმოჩნდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მცდელობისას ეს, უმეტეს შემთხვევაში, საფუძველსმოკლებული მოლოდინია.

გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების დიდი უმრავლესობა საკუთარ „საოჯახო“ ბრენდირებულ პროდუქტს უწევდა რეკლამას. იტალიასა და მეზობელ სახელმწიფოებში მათ იცნობს მომხმარებელი და წლების (თუ არა ათწლეულების) ურთიერთობა აკავშირებს. როგორც გაირკვა, ახალი ბაზრების დაპყრობის სტრატეგია ბოლო წლებში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ექსპორტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს “Coop Italian Food“-ის სავაჭრო ქსელი, რომელიც იტალიური სურსათის უმსხვილესი შემსყიდველი და დისტრიბუტორია მსოფლიოში. სავაჭრო ქსელი სურსათის მხოლოდ გამორჩეულ იტალიელ მწარმოებლებთან თანამშრომლობს და მათ საქმიანობას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კუთხით მკაცრად აკონტროლებს, რაც თავის მხრივ ავთენტური და სანიმუშო იტალიური სურსათის ექსპორტისთვის ქმნის ხელსაყრელ გარემოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რომ პროდუქტი იტალიაშია წარმოებული და “Coop Italian Food“ სავაჭრო ქსელის დაკვირვების ქვეშ არის, დამატებით საექსპორტო უპირატესობას ქმნის, რასაც იტალიური სურსათის სექტორი წარმატებით იყენებს.

ჩვენი დახლის მოკრძალებულმა სიკოხტავემ და სარეკლამო ზედაპირებზე მომნუსხველი ქართული ანბანის გამოჩენამ, რა თქმა უნდა მიიზიდა ვიზიტორების ყურადღება და ბევრი მნახველი შეაჩერა ქართული თაფლის გასაცნობად. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უცხოელი მომხმარებელი საქართველოს შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობს და მით უფრო საქართველოში წარმოებული პროდუქტი მისთვის ავტომატურად ხარისხთან ან განსაკუთრებულ ღირებულებებთან არ იგივდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მოხერხებულად გამოვიყენეთ ვიზიტორების მიერ გამოხატული ინტერესი და დეტალურად გავაცანით მათ ინფორმაცია ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიის, გეოპოლიტიკური თავისებურებების, ასევე სოფლის მეურნეობისა და ბუნების შესახებ. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა მეგობრულ-საქმიან ფორმატში მიმდინარეობდა და უპირობოდ თაფლის დეგუსტაციით გრძელდებოდა; გვსურდა გამოგვევლინა, თუ რომელი სახეობის თაფლი აღმოჩნდებოდა უცხოელი მომხმარებლის ფავორიტი.

ქართული თაფლით დაინტერესებული ადამიანები განსხვავებული სფეროებიდან იყვნენ (კულინარია, საცალო ვაჭრობა, ...), თუმცა ვიზიტორთა უმრავლესობა საერთაშირისო ბაზრებზე სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის დისტრიბუციით იყო დაკავებული და ეძებდა ახალ საინტერესო პროდუქტებს საკუთარი გასაყიდი პროდუქტების ნუსხის გასამდიდრებლად.  კითხვების უმრავლესობა დაკავშირებული იყო პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობებთან (მოცულობა, შეფუთვა, ტრანსპორტირების ხერხები, ვადები და ა.შ.).

ერთ-ერთი ვიზიტორი ახალგაზრდა სომელიე იყო, რომელიც სურსათის საგემოვნო თვისებების შეფასებაზე და ინგრედიენტების ახალი კომბინაციების კონცეფციებზე მუშაობს. ორჯერ გვეწვია ჩვენს დახლთან და თაფლის ყველა ნიმუში დააგემოვნა. ქართული წაბლისა და ცაცხვის თაფლის გასინჯვის შემდგომ გვირჩია ისინი განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებულ ყველთან ერთად შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ოქროწკეპლას თაფლის გასინჯვისას კი ემოციები ვერ დამალა და იტალიური ემოციური რეპლიკით მისი თხილეულთან კომბინირება გვირჩია. სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი; ყველაზე უფრო პიკანტური და საუკეთესო გოზინაყი ხომ სწორედ ოქროწკეპლას თაფლით კეთდება!?

გამოფენის ბოლო დღეს, დღის ბოლოს, როდესაც უკვე გაცნობილი შესაძლო კლიენტურის პროფილების ანალიზით და სისტემატიზებით ვიყავით დაკავებული, ევროპაში თაფლის შემსყიდველი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები გვეწვივნენ. როგორც გაირკვა მათ გამოფენის კატალოგიდან გაარკვიეს  ჩვენი პარმაში ყოფნის შესახებ და სპეციალურად ჩვენთან გასასაუბრებლად ჩამოვიდნენ. კომპანია საკუთარი ბრენდით აფასოებს ძირითადად ევროპის ქვეყნებში შესყიდულ თაფლს და ასევე თაფლის დაფასოების სერვისს სხვა კომპანიებსაც სთავაზობს. მათ მიერ დასმული კითხვები კიდევ ერთხელ გვიმყარებს წარმოდგენას თუ რამდენად კომლექსურია მოთხოვნები თაფლის, როგორც საექსპორტო ნედლეულის მიმართ. კითხვები ეხებოდა საქართველოში თაფლის გადამუშავების, შენახვის პირობებს, თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და ნედლეულის ტრანსპორტირების შესაძლო გზებს. მთავარი კითხვა ეხებოდა თაფლის მოცულობას. დიდი მოცულობით (>20 000კგ) და სტაბილურად მიწოდების შესაძლებლობის შემთხვევაში ევროპელი მყიდველი მზად არის უყოყმანოდ ითანამშრომლოს ქართული თაფლის მწარმოებლებთან.

ამ სასიამოვნო ინფორმაციით ვასრულებთ პარმის გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული თაფლის თავგადასავალს და მკითხველს მეტ ცნობებს ვპირდებით თაფლის ბაზართან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

IFC-ის აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის პროექტი, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA–სთან) პარტნიორობით ხორციელდება, ქართული თაფლის ექსპორტს უწყობს ხელს.

 

სტატიის ავტორი

ირაკლი ჯანაშია